თეგებით ძიება

„დიდი შანსია, რომ პარლამენტში ერთი ძლიერი და მეორე ნაკლებად ძლიერი პარტია შევა, დანარჩენი პარტიების ყოფნა-არყოფნა კი სათუოა“ - რამაზ საყვარელიძე

საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად საქართველოში „პოლიტიკური ტემპერატურა“ იმატებს. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დამარცხდება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი ამბობენ, რომ ამომრჩეველს ყველდღიურ რეჟიმში ხვდებიან და გამარჯვების იმედი აქვთ. 

როგორია ხელისუფლების და ოპოზიციის პერსპექტივა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე - ამ კითხვით TIA.GE-მ ფსიქოლოგ და პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიმართა:

- პროგნოზებს სოციოლოგიური გამოკვლევები აკეთებს და ჩვენ ამ გამოკვლევების შედეგები უკვე ვიცით. პრაქტიკულად, იგივეს გამეორება მომიწევს, რადგან ყველა ქვეყანაში სოციოლოგიით მსჯელობენ რა მომავალი ელოდება პოლიტიკოსს ან პოლიტიკოსთა ჯგუფს არჩევნებზე. ჩვენი სოციოლოგიური შედეგები სხვადასხვანაირია ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ციფრები განსხვავებული, მაგრამ ტენდენცია და ზოგადი სურათი ერთნაირი იყო - ოცნება წინ არის, მას „ნაციონალური მოძრაობა“ საგრძნობლად ჩამორჩება და კართან დგანან დანარჩენი, პატარა პარტიები. ზოგ კვლევაში ამ პარტიებს პარლამენტის ზღურბლზე ფეხი აქვთ შედგმული, ზოგს არა. ძნელი სათქმელია მათგან ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ არა, მაგრამ არა მგონია, რომ ხმების დიდი რაოდენობა აიღონ. ერთ-ორი მანდატი კი პოლიტიკურ ცხოვრებას არ ცვლის.

- „ლელოს“ ან გახარიას პარტიის შანსებზე რას იტყვით?

- გახარიას შეიძლება ცოტა მეტი შანსი ჰქონდეს, რადგან პრემიერობიდან რომ გადადგა, იმ ადამიანების სიმპათიის შლეიფი გაჰყვა, ვისაც მისი პრემიერობა მოსწონდა. ბუნებრივია, ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ გულშემატკივრები იყვნენ, რომლებიც გახარიასაც გულშემატკივრობდნენ. ამ შლეიფიდან დღემდე თუ  ვინმე შერჩა, შეიძლება სხვაზე მეტი იყოს, რადგან ერთმხრივ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რიცხვი უფრო დიდია, მეორე მხრივ კი „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერების რაოდენობაც მნიშვნელოვანია, რომელიც დღეს განაწყენებულია და არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. „ოცნების“ ამ ხმებით გახარიამ შეიძლება გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღოს, ვიდრე სხვებმა, მათ შორის, „ლელომ“. 

- პრეზიდენტის შეწყალების ან ოპოზიციის მიერ ინიცირებული ამნისტიის საშუალებით, მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფლებაზე აღმოჩნდეს, ეს არჩევნების შედეგებზე როგორ აისახება?

- ძნელი სათქმელია, რადგან სააკაშვილს მისი მომხრეებიც კი დიდ ყურადღებას აღარ აქცევენ. გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ფიგურა ნელნელა აქტუალობას კარგავს, ისტორიიდანაც ვიცით, რომ პოლიტიკა  მამების და შვილების ბრძოლაა, ძმები ეცილებიან ერთმანეთს მეფობისთვის ხომ ასეა? მეეჭვება, რომ ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინმეს განახლებული, ძველი ლიდერი სჭირდებოდეს, რომელიც  ვინმეს ლიდერობაში შეეცილება.

- რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა თქვა, რომ შეწყალებას არ იმსახურებს ადამიანი, რომელიც სასჯელს ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთისთვის იხდის. თქვენი აზრით, ასეთ ადამიანს რატომ აქვს დასავლეთის გარკვეულ წრეებში მხარდაჭერა? 

- ისტორია იცნობს მოვლენას,  რომელსაც გერმანელმა სოფიოცოლოგმა და ფსიქოლოგმა მაქს ვებერმა ქარიზმა დაარქვა. ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქარიზმატული ფიგურა ადოლფ ჰიტლერი გახლდათ. მასთან დაკავშირებითაც ჩნდებოდა კითხვა - რატომ უჭერდნენ მხარს უკვე მარცხის პირას მყოფსაც კი? საბჭოთა ჯარი ბერლინში იყო შესული, რომ ხალხი მისი გულისთვის კვდებოდა. აღარაფერს ვამბობ იმ ნეონეცისტურ ჯგუფებზე, რომლებიც დღესაც კი ჰიტლერის მხარდამჭერები არიან. რა, ნიურბერგის პროცესის შედეგები არ იციან? რა თქმა უნდა, იციან. ეს იცით რას  ჰგავს? საქართველოში ყველა დედას საკუთარი შვილი უდანაშაულოდ რომ მიაჩნია. სასამართლომ მტკიცებულებებიც რომ ანახოს,  დედა მაინც ფიქრობს, რომ შეცდომაა და მისი შვილი უდანაშაულოა. ასეა, სიყვარული ბრმაა და შეიძლება ვერტიკალურად მბრუნავიც. ანალოგიურად, ქარიზმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკოსის სიყვარულია და ადამიანები იმ კანონებით მოქმედებენ, რაც სიყვარულს შეესაბამება.

- როგორ ფიქრობთ, დასავლეთში იზიარებენ ქართული ოპოზიციის პოზიციას, რომ „ოცნება“ რუსეთისკენ გადაიხარა?

- რა გითხრათ, დასავლეთში რუსეთისკენ გადახრა რომ ასეთი პრობლემა იყოს, ერთმანეთის მიმართაც მკაცრები იქნებოდნენ. ხომ ასეა? 

- ალბათ, ასეა.. საუბრის ბოლოს ისევ არჩევნებზე გკითხავთ. თქვენი აზრით, ოპოზიციიდან ვინ დარჩება პარლამენტს მიღმა?

- მიჭირს თქმა იმიტომ, რომ მთელი ზაფხულია წინაა და პარტიებს ჯერჯერობით, საარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამომრჩეველმა უკვე იცის ვის მისცემს ხმას, არადა ამომრჩეველი ძალიან ხშირად, დაბნეულია, ფიქრობს და ბოლო წუთს აკეთებს არჩევანს. ამიტომ ნაადრევი მგონია ამ საკითხის დასმა. ერთადერთი, თუ სოციოლოგიას მივყვებით, საიდანაც ჩვენი საუბარი დაიწყო, დიდი შანსია, რომ პარლამენტში ერთი ძლიერი და მეორე ნაკლებად ძლიერი, მაგრამ გარკვეული ძალის მქონე პარტია შევა, დანარჩენი პარტიების ყოფნა-არყოფნა კი სათუოა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა