თეგებით ძიება

როგორ მოქმედებს მოწევისთვის თავის დანებება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე — ახალი კვლევა

მოწევისთვის თავის დანებება არასოდეს არის გვიან.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში ანებებს თავს ადამიანი სიგარეტს — კანადელ და ნორვეგიელ მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი მასშტაბური ანალიზების მიხედვით, მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას მაინც ემატება წლები.

 „მოწევისთვის თავის დანებება საოცრად ეფექტიანია სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ადამიანებს ამ ჯილდოს მიღება საოცრად სწრაფად შეუძლიათ“, — ამბობს ორგანიზაცია Global Health Research-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერი პრაბჰატ ჯჰა.

ჯჰას და მისი კოლეგების განცხადებით, თუ ადამიანი სიგარეტისთვის თავის დანებებიდან ათი წლის განმავლობაში არ მოწევს, თითქმის იმდენივე ხანს იცოცხლებს, რამდენსაც ისინი, ვისაც ცხოვრებაში ერთი ღერიც არ მოუწევიათ.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, თუკი ნებისმიერი ასაკის პირი მოწევისგან სამ წელიწადზე ნაკლები ხნის განმავლობაში შეიკავებს თავს, თავიდან აიცილებენ სიცოცხლის ხუთი წლით დაკლებას. თუკი თავის დანებებიდან ათი წლის განმავლობაში არ მოწევს, პოტენციურად ათი წლით გაიხანგრძლივებენ სიცოცხლეს.

რაც უფრო ახალგაზრდა ასაკში გადაწყვეტს ადამიანი მოწევისთვის თავის დანებებას, მით უკეთესი იქნება მისი სიცოცხლის ზოგადი ხანგრძლივობა.

იმედისმომცემი შედეგები მიიღეს ნორვეგიაში, ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში ჩატარებულ დაკვირვებით კვლევებში. მეცნიერები 15 წლის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ ამ მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობას. კანადის Center for Global Health Research-ისა და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან ეს მონაცემები მოწევის რისკებთან მიმართებაში დაამუშავეს.

მასშტაბურ კვლევაში, მეცნიერება მოწევისთვის თავის დანებების სამი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი გამოავლინეს — #1tvმეცნიერება

მსგავსი: მასშტაბურ კვლევაში, მეცნიერება მოწევისთვის თავის დანებების სამი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი გამოავლინეს — #1tvმეცნიერება

კვლევაში, მწეველებმა, რომელთა ასაკიც 40-დან 80 წლამდე იყო, არამწეველებთან შედარებით სიცოცხლის 12-13 წელი დაკარგეს. თუმცა, ადამიანებმა, რომლებმაც ათი წლის განმავლობაში შეძლეს მოწევისგან თავის შეკავება, თითქმის უკუაქციეს ამ მავნე ჩვევასთან დაკავშირებული ყველა ფატალური რისკი.

მოწევასთან პირდაპირ დაკავშირებული დაავადებებით სიკვდილის რისკი, მათ შორის ინსულტით, გულის შეტევით და კიბოთი, მნიშვნელოვნად შემცირდა.

„მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ მოწევისთვის თავის დანებება ზედმეტად გვიანია, განსაკუთრებით შუა ხნის ასაკში. თუმცა, ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება. არასოდეს არის ზედმეტად გვიანი. შედეგი სწრაფია და შეგიძლიათ მრავალი ცუდი დაავადების რისკის შემცირება, რაც უფრო ხანგრძლივ და უკეთესი ხარისხის ცხოვრებას ნიშნავს“, — ამბობს ჯჰა.

შედეგებს მხარს უჭერს წინა დაკვირვებითი კვლევებიც, რომლებშიც, სიგარეტის გადაგდების ბენეფიტები დაკავშირებული იყო სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებასთან, ზოგჯერ პირს ჯამში სიცოცხლის ათი წელი ემატებოდა.

ჯჰამ და მისმა კოლეგებმა იგივე შედეგები უფრო დიდ კოჰორტაზე (ჯგუფი) მიიღეს.

შექმნეს ჭკვიანი ყელსაბამი, რომელიც მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაეხმარება — #1tvმეცნიერება

მსგავსი: შექმნეს ჭკვიანი ყელსაბამი, რომელიც მწეველებს სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაეხმარება — #1tvმეცნიერება

მათი შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ მოწევის შედეგები სრულად უკუქცევადია. ანალიზებში, ფილტვის დაავადებებით სიკვდილის რისკი ყოფილ მწეველებში ისე შემცირებული არ იყო, როგორც სხვა დაავადებების შემთხვევაში, რაც ცხადყოფს სასუნთქი გზების გრძელვადიან, შეუქცევად ზიანს.

მიუხედავად ამისა, მოწევისთვის თავის დანებება მაინც საუკეთესო ხელმისაწვდომი ვარიანტია მწეველებში ფილტვების ჯანმრთელობისა და ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

მაგალითად, ამ კვლევის მიხედვით, თუკი 40 წელს გადაცილებული ადამიანი მოწევას თავს დაანებებს და ათი წლის განმავლობაში აღარ მოწევს, შეიძლება თავიდან აიცილონ კიბოს გამო სიცოცხლის რვა წლის მოკლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ რისკის კატეგორიაში ისინი არამწეველებს ოთხი წლით ჩამორჩებიან.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა