თეგებით ძიება

რუსეთის ხელისუფლებამ ეს ტერაქტი დაუშვა. ხელის შეშლა რომ სდომოდათ, შეუშლიდნენ - ლევან ლორთქიფანიძე

მოსკოვში მომხდარი ტერაქტისა და ისლამური სახელმწიფოს გააქტიურების ფონზე, საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. გერმანია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მეზობელ ქვეყნებს დროებით სასაზღვრო კონტროლს დაუწესებს. უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფარგლებში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს პოლიცია და დაზვერვის სამსახური. 

რუსეთში ქსენოფობიური დანაშაულების ზრდის შიშით, ტაჯიკური დიასპორა თანამემამმულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რადიო თავისუფლების ტაჯიკურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია ქსენოფობიური აგრესიის რამდენიმე ინციდენტის შესახებ. საუბრობენ ასევე შუა აზიელი მიგრანტების მოსალოდნელი მასობრივი დეპორტაციის შესახებ. 

რეალურად ვინ დგას „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის უკან, რატომ ვერ შეძლეს ტერაქტის აღკვეთა რუსეთის სპეცსამსახურებმა გაფრთხილებების მიუხედავად და როგორ აისახება მოსკოვში განვითარებული მოვლენები საქართველოსა და ქართულ დიასპორაზე? TIA.GE-მ ამ კითხვებით პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძეს მიმართა:

- დიახ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ხელისუფლება მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ორი კვირითა ადრე გააფრთხილა, თუმცა რუსეთისთვის გაფრთხილებების გარეშეც ცნობილი იყო, რომ საომარ დროს, შიდა ვითარებაზე კონტროლი უნდა გაეძლიერებინა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობები ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ომში არიან ჩართულნი და მუხედავად იმისა, რომ დედაქალაქში რეჟიმი ძალიან გამკაცრებულია,  ტერაქტის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ჩემი აზრით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაუშვა ეს ტერაქტი და თავიდან არ აიცილა. ვფიქრობ, ხელის შეშლა რომ სდომოდათ, შეუშლიდნენ, მაგრამ არ შეუშალეს. 

- რატომ? 

- ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით კონტროლის გაძლიერება უნდა. ვიცით, რომ ოპოზიციური მედია და ოპოზიციური პარტიები ისედაც აკრძალულია, აქტივისტებს ძალიან მცირე დააშაულისთვისაც კი  იჭერენ და ყველა პოლიტიკური ოპონენტი ციხეშია, მაგრამ ახლა ეტყობა სამხედრო რეჟიმზე გადასვლა სჭირდებათ. ამ ტერაქტს გამოიყენებენ, რომ მიგრაციის ტალღები არეგულირონ, ქვეყნის შიგნით მეტი ბლოკ-პოსტი შექმნან, ქალაქში გადაადგილებაზე კონტროლი უფრო მეტად დაამყარონ და ეს ყველაფერი ანტიტერორისტული ოპერაციის სახელით მოხდება.

- რუსეთის ოპოზიციურ მედიაში საუბრობენ იმაზე, რომ პუტინი რეპრესიების გაძლიერებით  ცდილობს სპეცსამმსახურების ფიასკო გადაფაროს.

- მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები.. ეს არ არის ფიასკო, ეს დაშვებაა და დაუშვეს იმისთვის, რომ სამხედრო რეჟიმი და დიქტატურა გამართლდეს და ქვეყნის შიგნით კონტროლი კიდევ უფრო ტოტალური გახდეს. მოსალოდნელია რეპრესიები მთელი რიგი ჯგუფების მაგალითად, მიგრანტებისა და მუსლიმური თემის წარმომადგენელთა მიმართ. რუსეთის მუსლიმურ რეგიონებში გარკვეული წინაამდეგობები არსებობს. არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რაღაცეებს პროტესტებენ და მათაც ცხოვრებას გაურთულებენ. ტერაქტის გამოყენებ შესაძლებელია ასევე მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცადებისა და უკრაინის ომში ახალი კონტინგენტის მობილიზებისთვის და ა.შ. შესაბამისად, რუსეთის ხელისუფლებას ექნება კიდევ უფრო მეტი ბერკეტი, რომ დიქტატურა სხვადასხვა მიმართულებით გაამყაროს და უფრო მძლავრი გახადოს. 

- თუ ამ ტერაქტისგან ამდენი სარგებელი მიიღეს, შეგიძლიათ დაუშვათ, რომ  ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია?

- მე არ ვამბობ, რომ მათ მოაწყეს. ვამბობ, რომ შეეძლოთ ამის თავიდან აცილება, მაგრამ არ და ვერ აიცილეს და ახლა ტერაქტის შედეგებს იყენებენ, რომ ის ჯგუფები „დააშოშმინონ“, რომლებზეც ჯერ გასულები არ იყვნენ. მედია და ოპოზიცია უკვე „დააშოშმინეს“,ოლიგარქიული წრეები დაქვემდებარებული ჰყავთ, ახლა აჭირო იყო გასვლა მიგრაციულ ჯგუფებზე და მუსლიმურ რეგიონებზე. რაც მთავარია, მათ აქვთ უკვე საბაბი იმისთვის, რომ ხელახალი მობილიზაცია გამოაცხადონ თუ ამის საჭიროება გაჩნდა. 

- „ისლამური სახელმწიფოს“ აღიარების მიუხედავად, პუტინი რატომ ცდილობს, რომ ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს? 

- როცა ამ კონკრეტულ დროს მთავარი მოწინააღმდეგე უკრაინაა, ბუნებრივია, ეცდება, რომ ყველანაირი უბედურება და ბოროტება მას დააბრალოს. იმას ვერ იტყოდნენ, რომ ტერაქტი მთლიანად უკრაინის ორგანიზებულია, მაგრამ თქვეს, საშუალება რომ მისცემოდათ,  უკრაინელები ტერაქტის მომწყობებს გადაარჩენდნენ და გასაქცევს მისცემდნენო, რაც ლოგიკას მთლიანად მოკლებული არაა, რადგან ქვეყნები ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ტერორისტებს უკრაინაში ფეხქვეშ არავინ გაეგებოდა, დაიჭერდნენ და სასამართლო პროცესები დაიწყებოდა, მაგრამ წამებით სულს არავინ ამოხდიდა, რაც ახლა ელით. ამიტომ ბუნებრივია, ტერორისტებს უკრაინაში წასვლა  მოუნდებოდათ. ამ ტერაქტმა იცით კიდევ რა შედეგი მოიტანა? რაც უკრაინასთან ომი დაიწყო, რუსეთის მიმართ პოზიტიური გზავნილი არც ერთ მსოფლიო ლიდერს არ გაუჟღერებია, ამ ტერაქტის შემდეგ კი პირველად, სოლიდარობის განცხადებები გაჩნდა.  ამ შემთხვევაში, რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე აგრესორად და დამპყრობლად კი არა, გლობალური ტერორიზმის მსხვერპლად წარმოჩნდა. რუსეთის ხელისუფლებას ეს ფონი დღეს განსაკუთრებით სჭირდებოდა და შეიძლება ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ტერაქტის აღსაკვეთად ყვეაფერი არ გააკეთეს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხდარის შემდეგ რუსეთში შუა აზიელი მიგრანტების დევნა დაიწყო, ევროპა მოსალოდნელი ტერაქტების გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს, ჩვენს ქვეყანას და ქართულ დიასპორას რამე ემუქრება?

- ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქ ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა ჯგუფებისთვის დაბანაკება ან საქართველოს ტრანზიტად გამოყენება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს იმიტომ, რომ საქართველოდან ევროპაც ახლოსაა, რუსეთიც და ახლო აღმოსავლეთიც, სადაც ტერორიზმის ძირითადი მარცვალი ღვივდება. თუ შემოსულ ჯგუფებს ჩამოშლილი სახელმწიფო დახვდება, რომელიც ვერაფერს აკონტროლებს, ამ სივრცის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას შეეცდებიან, ამიტომ ჩვენ სახელმწიფო საზღვარი და მიგრაციული პროცესები უნდა ვაკონტროლოთ.

რაც შეეხება ქართულ დიასპორას, ვინც რუსეთის შიდა პოლიტიკას ადევნებს თვალს და მე დიდი ხანია, ამას ვაკეთებ, შუა აზიელი მიგრანტების დევნა და შევიწროვება ტერაქტამდეც ხდებოდა. ზოგადად, ტაჯიკეთიდან და უზბეკეთიდან ჩასული ადამიანები რუსეთში მეორეხარისოვან, შავი სამუშაოს შემსრულებელ მიგრანტებად მიაჩნიათ, რომელთა ყოფა  და კულტურა დიდი ქალაქების ელიტების ყოფასთან და  და კულტურასთან შეუთავსებელია. შესაბამისად, ზიზღი და დისკრიმინაცია შუა აზიდან წამოსული მიგრანტების მიმართ დიდი ხანია, არსებობს და ეს პოლიტიკაშიც ასახულია. ცნობილი ჟირინოვსკი ყოველი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ საკითხს ატრიალებდა. ასე, რომ ამ ტერაქტმა შუა აზიელი მიგრანტების მიმართ ისედაც არსებული დისკრიინაციული ფონი კიდევ უფრო გაამძაფრა. რუსულ საზოგადოებაში რა თქმა უნდა, არც ჩვენზე გიჟდებიან და ვუყვარვართ, მაგრამ ქართულ, ტაჯიკურ და უზბეურ მიგრაციებს შორის  განსხვავებას ხედავენ. როდესაც  ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, ემიგრაციული ჯგუფების შედარება ხდება, ჩვენ გაცილებით მაღალი სტატუსი გვაქვს ხოლმე. ასე, რომ ამ ტერაქტის და მიგრანტების მიმართ აგრესიის ზრდის  გამო ქართულ დიასპორას იქ საფრთხე ნაკლებად ემუქრება. რუსებს ქართულ დიასპორასთან სხვა პრეტენზიები აქვთ ჩვენი დასავლური ორიენტაციის და ანტირუსული პოლიტიკის გამო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცა და დედამიწასავითაა განსხვავება ქართული დიასპორისა და შუა აზიიდან წამოსული მიგრანტების სტატუსებს შორის. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ტერაქტის კონტაქსტში ჩვენს მიგრანტებს საფრთხე არ ემუქრებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა