„საშუალო ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება აქვს დაქირავებულ დასაქმებულთა 70%-ს, ხოლო საშუალოზე მეტი - 30%-ს“ - სოსო არჩვაძე
„საშუალო ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება აქვს დაქირავებულ დასაქმებულთა 70%-ს, ხოლო საშუალოზე მეტი 30%-ს“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Tia.ge-ს ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემა განუცხადა. მას კითხვები ისეთ აქტუალურ თემებზე დავუსვით, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, საარსებო მინიმუმი და საშუალო ხელფასი.
„სტატისტიკის ეროვნული სამსახური იყენებს იმ მეთოდიკას, რომელსაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია სთავაზობს. ამიტომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია თუ სხვა რამე არ არის დამტკიცებული, უნდა ენდო არსებულს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოში ბევრ ქვეყანასთან შედარებით საკმაოდ მაღალია ე.წ. ჯინის კოეფიციენტი (უთანასწორობის მაჩვენებელი). ეს კოეფიციენტი ბოლო წლებია მცირდება, თუმცა საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი რჩება. ასევე, მცირდება დაბალშემოსავლიანთა რიცხვიც. ამდენად სახელმწიფო სულ უფრო წარმატებით ასრულებს სოციალური ქოლგის ფუნქციას“ - აცხადებს ეკონომისტი.
მან ასევე ისაუბრა, მინიმალურ ხელფასზე და თქვა რომ უნდა ამოვიდეთ რეალური საარსებო მინიმუმიდან.
„რეალური საარსებო მინიმუმი, ოფიციალური მონაცემისგან საკმაოდ განსხვავდება. 1999 წელს მიღებულმა 20-ლარიანმა მინიმალურმა ხელფასმა, თავის ისტორიული ფუნქცია დიდი ხანია ამოწურა და ანაქრონიზმს წარმოადგენს. ფასების საერთო დონისა და სამომხმარებლო მრავალფეროვნების გათვალისწინებით 750 ლარის ფარგლებში უნდა იყოს მინიმალური ხელფასი, მეთოდიკურად სწორი იქნება მედიანური ხელფასის 40%“ - ამბობს არჩვაძე და ასევე დასძენს, რომ: „თუ გავითვალისწინებთ თვეში სამუშაო საათების ფაქტობრივ რაოდენობას, საათში დაახლოებით 5 ლარის ექვივალენტია, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით დროთა განმავლობაში ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს“.
„საშუალო ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება აქვს, დაქირავებულ დასაქმებულთა 70%-ს, ხოლო საშუალოზე მეტი 30%-ს. ესაა ზოგადი ტენდენცია. რაც შეეხება მედიანური ხელფასი, ის ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს დასაქმებულთა კონტიგენტს 900,000-ზე მეტი დასაქმებულიდან, 50%-ს მედიანური მაჩვენებელზე დაბალი ხელფასი აქვს, ხოლო მეორე ნახევარს მეტი (მაგალითად 2023 წელს ხელზე ასაღები მედიანური ხელფასი 832 ლ. იყო). ჩვენ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს, არა იმდენად საშუალო ხელფასის სიდიდის ზრდაში, არამედ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაში, რომელთა მიხედვითაც მაგ. აშშ-ის 1.5-ჯერ ჩამოვრჩებით. საჭიროა მეტი დასაქმების უზრუნველყოფა“- აცხადებს სოსო არჩვაძე.
ესაუბრა გიორგი აბულაძე