თეგებით ძიება

მეცნიერებმა გამოიგონეს ბეტონი, რომელიც დამოუკიდებად თბება და თოვლს ადნობს

პენსილვანიაში მდებარე დრექსელის უნივერსიტეტის (აშშ) ინჟინრებმა წარმოადგინეს ბეტონის ახალი სახეობა, რომელსაც შეუძლია საავტომობილო გზების მომავალი მთლიანად შეცვალოს. ეს ბეტონი დამოუკიდებლად, ელექტროენერგიის ან ენერგიის სხვა წყაროს გარეშე თბება და ზამთარში თოვლის გადნობა შეუძლია.

ამ ინოვაციური ტექნოლოგიის საიდუმლო პარაფინშია – ესაა უნიკალური მასალა, რომელსაც  ე.წ. „ფაზური ცვლილების“ უნარი გააჩნია. როდესაც პარაფინი დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, თხევადიდან მყარ მდგომარეობიდან გადადის, სითბოს გამოყოფს. მეცნიერებმა  პარაფინი ბეტონის ნაზავს დაამატეს და შედეგად მიიღეს მასალა, რომელსაც ავტონომიური გათბობის უნარი გააჩნია. 

ამერიკელმა მეცნიერებმა საკუთარი გამოგონება უკვე გამოსცადეს. ახალი ბეტონისგან მათ 76x76 სანტიმეტრის ბეტონის ფილა შექმნეს, რომელიც ყინვაში, ღია ცის ქვეშ დატოვეს. შედეგი შთამბეჭდავი იყო – მას შემდეგ, რაც ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეშვა, ბეტონის ფილამ 10 საათის განმავლობაში 5.6-დან 12.8 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა შეინარჩუნა. ბუნებრივია, რომ ამ დროის განმავლობაში ფილაზე დაგროვებული თოვლი მთლიანად დადნა (დნობის სიჩქარე საათში 1 სმ).

-2

ახალ მასალას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, გათბობის უნარის მქონე ბეტონის გზა გაცილებით დიდხანს ძლებს, რადგან მათზე ნაკლები სისველე გროვდება, შესაბამისად, ნაკლები ბზარები და ორმოები წარმოიქმნება. მეორე მხრივ, ასეთ გზებზე თოვლის მოსაშორებლად მარილის, ქიმიური რეაგენტების ან ქვიშის დაყრა საჭირო აღარ იქნება, რაც არა მარტო მარტივ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს, არამედ მუნიციპალურ ხარჯებსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ესაა – გზების მოვლაზე ქალაქებს მილიონობით დოლარის დაზოგვა შეუძლიათ.

თუმცა, ამ ტექნოლოგიას ერთი ნაკლიც აქვს – პარაფინის ცვილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად არ ითვლება, რადგან ნავთობპროდუქტების გადამუშავების შედეგად მიიღება. ამ გამოწვევის დაძლევა სინთეზური პარაფინის შექმნით შეიძლება, რომელიც ბუნებრივ ალტერნატივაზე გაცილებით ეკოლოგიური იქნება.

ამჟამად მეცნიერები გათბობის უნარი მქონე ბეტონის მეორე თაობაზე მუშაობენ, რომელიც ტემპერატურის ცვალებადობით გამოწვეული მუდმივი გაფართოება-შეკუმშვის მიმართ უფრო გამძლე იქნება და თოვლის დნობას კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ რეგიონებისთვის, სადაც წლის უმეტესი ნაწილი ყინვებია.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა