ეს ტრაგედია უნდა აგვიხსნან - ანჯეი დუდა ისრაელის თავდასხმაზე
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა გამოეხმაურა ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომლის დაღუპვას, რომელთა შორის ერთ-ერთი პოლონეთის მოქალაქეა.
როგორც დუდა სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო.
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზაციის მოხალისეების, მათ შორის პოლონეთის მოქალაქის ღაზის სექტორში დაღუპვის შესახებ. ჩემი ფიქრები მათ საყვარელ ადამიანებთანაა. ამ მამაცმა ადამიანებმა შეცვალეს სამყარო უკეთესობისკენ თავიანთი მუშაობით და სხვებისადმი თავდადებით. ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო და უნდა აგვიხსნან“, – წერს დუდა „ტვიტერზე“.
ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ავსტრალიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის მოქალაქეები. თავდასხმის შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ღაზაში მუშაობა შეაჩერა.