თეგებით ძიება

საზოგადოების პროტესტი არ იქნება ისეთივე, როგორიც შარშან. სააკაშვილმაც კი თქვა, დესტაბილიზაცია არ დაუშვათო - რამაზ საყვარელიძე

რატომ დასჭირდა "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ ამ კანონპროექტის ისევ დარეგისტრირება, ხომ არ დააზარალებს ეს ქვეყანას, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე­ “კვირის პალიტრას” ესაუბრა:

- "ქართულმა ოცნებამ"­ ისევ დააბრუნა კანონპროექტი პარლამენტში. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?

- "ქართულ ოცნებას" სჩვევია თავისთვის პრობლემის გაჩენა და იგივე ხდება ახლაც. არც მაშინ იყო ამის აუცილებლობა, როცა ეს კანონპროექტი გამოიტანეს, და მერე უკან გაწვევამ მოუწიათ. თუმცა, ვფიქრობ, ახლა იგივე სცენარი არ გათამაშდება. ჩემი ვარაუდით, საზოგადოების პროტესტი არ იქნება ისეთივე, როგორიც მაშინ იყო. სააკაშვილმაც კი თქვა, დესტაბილიზაცია არ დაუშვათო. პარტიებს წინასაარჩევნოდ არ სურთ იყვნენ დესტაბილიზაციის ავტორები, რადგან მოსახლეობისთვის მიუღებელია დესტაბილიზაცია.

- ვნახეთ როგორ გამოეხმაურა ამ საკითხს ევროკავშირი. ისმის მწვავე განცხადებები, რა ხიფათის შემცველია ეს ქვეყნისთვის?

- სავარაუდოდ, განცხადებები განცხადებებად დარჩება, უფრო სხვა ფაქტორები მოქმედებს. სიტყვიერი დუელი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვანიჭეს. თქვა კიდეც ზოგიერთმა უცხოეთიდან, რომ ეს არ იყო ჯილდო, ეს იყო ავანსად მოცემული კანდიდატობა, მაგრამ მე ავანსების არ მჯერა, შეეძლოთ ეს ადრეც გაეკეთებინათ. დიახ, მოგვცეს სტატუსი, მაგრამ მას შემდეგ, რაც უფრო გამოიკვეთა ჩინეთის თემა და ის, რომ ტრანზიტი საქართველოზე გაივლის. დასავლეთი დაინტერესებულია საქართველოში მეტ-ნაკლებად გავლენის შენარჩუნებით. ეს იქნება, ალბათ, გადამწყვეტი და არა სიტყვებით თამაში. ლაპარაკი იმაზე, რომ ყოველივე ეს უკან გადადგმული ნაბიჯია, მით უფრო რუსეთისკენ გადადგმული, არ ტოვებს სერიოზულ შთაბეჭდილებას. მაშინ დამაჯერებლობისთვის მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა მარტო ფრაზები, ბევრ ქვეყანაში ეს რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ არის მიღებულიო. არც ერთი ქვეყნის კანონში არ არის ეს მითითებული. რატომ არის აღქმული, რომ დასავლეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული? რატომ მიაჩნიათ ასე სწორედ მათ, ვისზეც ეჭვობენ, რომ სხვა ქვეყნებიდან ფინანსდებიან? ამ ტიპის ორმაგი თუ სამმაგი ფორმულირებები საეჭვოდ ხდის, რომ ამ კანონში იყოს საფრთხე. სავარაუდოდ, რაღაც სხვა მექანიზმშია პრობლემა. ერთ-ერთ მექანიზმად სწორედ ჩინური ხაზი მიმაჩნია, თუმცა არის სხვა მექანიზმებიც, დავუშვათ დასავლეთისა და რუსეთის უკმაყოფილება. გავიძახით, რუსეთი აფინანსებს ვიღაცებსო. თუ რუსეთი აფინანსებს, ამ კანონმა რუსეთის დაფინანსებაც უნდა გამოავლინოს. რუსეთი ჩუმად არის, არ ამბობს ცუდი კანონიაო. პროტესტს დასავლეთი აცხადებს. ეს მინიმუმ პარადოქსული სიტუაციაა.

- პოლიტიკურად რამდენად დაგვაზარალებს ეს პროცესები?

- ჩემი აზრით, შიდაპოლიტიკური მდგომარეობა არ იქნება ისეთი მწვავე, როგორიც მაშინ იყო. სააკაშვილის მოწოდებაც მიანიშნებს ამას, დესტაბილიზაცია არ დაუშვათო. პოლიტიკური ალღო, რომელიც საკმაოდ კარგი აქვს სააკაშვილს, ხშირად კარნახობს, რა უნდა ქნას. ვინც დესტაბილიზაციის ავტორი იქნება, მას ნაკლები მხარდაჭერა ექნება არჩევნებში და შეიძლება არჩევნებში გარდატეხაც შეიტანოს. ოპოზიციის დიდ ნაწილს უკან დაახევინებს ეს ფაქტორი. აქტივისტები მიიწევენ ქუჩისკენ, პარტიები ნაკლებად.

- ფიქრობთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გავა?

- ამის იმედი მაქვს... მოლოდინს ნუ დავარქმევთ. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო გარემოებები იქონიებს პარტიებზე გავლენას და შეეცდებიან არ გახდნენ დესტაბილიზაციის წყარო. 

ვრცლად: „კვირის პალიტრა“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა