თეგებით ძიება

მოვითხოვთ, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული პატიმრები სასჯელისგან გათავისუფლდნენ - ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის თავმჯდომარე

ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანს სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად კოვზების გადაყლაპვა არ უნდა სჭირდებოდეს - ამის შესახებ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის თავმჯდომარემ, თამარ დადიანმა TIA.GE-თან ინტერვიუში განაცხადა და ციხეში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.

- ჩვენი ორგანიზაცია პატიმრების უფლებების დაცვით შევარდნაძის დროიდან დაინტერესდა, როდესაც იმდროინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტებზე ნადირობა გამოაცხადა და ეროვნული მოძრაობის წევრები ციხეში ჩაყარა. შევარდნაძის დროინდელი ყველა პოლიტპატიმარი ნაწამებია: ბალუაშვილის სისტემამ ზაზა წიკლაური მდუღარე წლით აწამა, ყოფილი პოლიტპატიმარი ვალტერ ოჩიგავა, რომელიც შარშანწინ დაიღუპა, 14 წლის შვილის თვალწინ ფეხებით დაკიდეს და ისე აწამეს, ლევან თაქთაქიშვილს ცემით სასქესო ორგანო დაუზიანეს და ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა, ილია მართლის საზოგადოების წევრი, ოთხი შვილის მამა, ნაწამები მალხაზ ღვინიაშვილი საავადმყოფოში დაიღუპა და ასეთი უამრავი ფაქტია. 

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის დროს ციხეში პატიმრის ოჯახის წევრების გარდა, ჩიტი ვერ შეფრინდებოდა, ჩვენამდე სხვადასხვა გზებით, ინფორმაცია მაინც აღწევდა და ვცდილობდით ათი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. სამწუხაროდ, შევარდნაძის შემდეგ „ტრადიცია“ მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა, რასაც გადაჰყვა კიდეც. „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ წლების მანძილზე მშვიდად ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენამდე პატიმრების ცემის და წამების შესახებ ინფორმაცია აღარ მოსულა, თუმცა ეს დროც დადგა. წამების გარდა, რა დავარქვა, როდესაც მეოთხე სტადიის, ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პატიმრები კლინიკებში არ გადაჰყავთ.  პატიმრებს ნივთების გადაყლაპვა და ვენების გადაჭრა უწევთ იმისთვის, რომ სამკურნალოდ წაიყვანონ.  ვისაც პროტესტის ძალაც არ შერჩა, ციხეში კვდება. 

- სიმსივნით დაავადებულ პატიმართან ექიმს არ უშვებენ? 

- ექიმი შედის, მაგრამ ამ დაავადების ციხის პირობებში მკურნალობა შეუძლებელია, ამიტომ უბრალოდ ტკივილგამაყუჩებელს უტოვებენ და მიდიან. სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ შევარდნაძის დროს ასეთი მძიმე პატიმრები ე.წ. რეზბალნიცაზე გადაჰყავდათ ან ათავისუფლებდნენ რომ ადამიანს ბოლო დღეები სახლში, ოჯახის წევრების გვერდით გაეტარებინა.  სააკაშვილის დროს ვითარება შეიცვალა. ონკოლოგიური ავადმყოფები ციხეში ისე იღუპებოდნენ, რომ  პატიმრის პატრონი ხმას ვერ იღებდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ პატიმრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება გახდა სააკაშვილის ხელისუფლების გასტუმრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სამწუხაროა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ წინამორბედის შეცდომებზე ერაფერი ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ ციხეებში პატიმრების ცემისა და წამების ფაქტები არ გვაქვს, ავადმყოფი ადამიანის მკურნალობის გარეშე დატოვებაც წამების ტოლფასია. 

- კონკრეტული ფაქტები თუ გაქვთ, რომ ონკოპაციენტები კლინიკებში არ გადაჰყავთ? 

- ასეთი ფაქტების შესახებ უკვე ყველასთვის ცნობილია. ახლახან მედიამ გაააშუქა, რომ რუსთავის მე-6 და გლდანის მე-8 დაწესებულებებში მყოფი მე-4 სტადიის ონკოლოგიური ავადმყოფები იძულებულები გახდნენ კოვზები და ლითონის სხვა ნივთები გადაეყლაპათ, რომ ყურადღება მიექციათ. ავადმყოფ ადამიანს მკურნალობის მისაღებად ამის გაკეთება არ უნდა დასჭირდეს.  მარტის თვეში ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა პატიმარმა ცინდელიანმა მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ვადაგასული საკვებისა და ცუდი სამედიცინო მომსახურების გამო შიმშილობა გამოაცხადა. ცინდელიანმა სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართა, სადაც წერდა, რომ 6 თვე აბაზანით არ უსარგებლია. გარდა ამისა, შეიძლება, რომ 80 პატიმარს ერთი სველი წერტილი ჰქონდეს? ეს და ჩვენს ხელთ არსებული სხვა ფაქტები შევკრიბეთ და პარლამენტის ადამიანის უფლბათა დაცვის კომიტეტს, მთავრობას, პრეზიდენტს და სხვა უწყებებს მივმართეთ. ამათ ჩვენი წერილი პენიტენციურ სისტემას გადაუგზავნა. საბოლოოდ, პენიტენციური სისტემიდან დაგვირეკეს და შეხვედრა დაგვნიშნეს. შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია გავაცანით კერძოდ, ვუთხარით, რომ ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანს სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად კოვზების გადაყლაპვა არ უნდა სჭირდებოდეს. ისიც ვუთხარით, რომ შევარდნაძის დროს ასეთი მძიმე დიაგნოზის მქონე  ავადმყოფებს სახლში უშვეებდნენ რომ ბოლო დღეები მშობლიურ კედლებში და ახლობლების გარემოცვაში გაეტარებინათ. მათი პასუხი იყო, რომ ბევრი პატიმარი სიმუაციას მიმართავს, მაგრამ სიმულაციის დადგენისთვის ექიმი არსებობს და ეს მიზეზი არაა. მოკლედ, შეხვედრის მიუხედავად, ჯერჯერობით, საქმე ადგილიდან არ დაძრულა. 

- რამდენი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პატიმარი გვყავს? 

- მთლიანობაში 12 000 პატიმარი გვყავს და აქედან ონკოპაციენტი რამდენია უცნობია. მძიმე კატეგორიის პატიმრები გამოვლინდა რუსთავის მე-6, გლდანის მე-8 დაწესებულებში და გეგუთის კოლონიაში, თუმცა რაოდენობა დაუდგენელია. მოვითხოვთ მეოთხე სტადიის ონკოპაციენტების ციხიდან კლინიკებში გადაყვანას ან გათავისუფლებას. გარდა ამისა, გვინდა, რომ მსუბუქი მუხლებით გასამართლებული ადმიანებისთვის ამნისტია გამოცხადდეს. ვფიქრობ ადამიანებს, რომლებსაც კაცი არ მოუკლავთ და მძიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსი უნდა მივცეთ. ეს ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა