საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ
საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ.
ერთობლივ წერილში აღნიშნავენ, რომ ეს დემოკრატიისთვის, შესაბამისად, ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა.
"ძვირფასო სტუდენტებო საქართველოში, ჩვენ, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები გიცხადებთ სოლიდარობას თქვენს გადაწყვეტილებაში, სასწავლო პროცესის ნაცვლად მონაწილეობა მიიღოთ საპროტესტო აქციებში მანამდე, სანამ პარლამენტი რუსულ კანონს არ გაიწვევს. ჩვენ, თქვენთან ერთად ვდგავართ ამ ბრძოლაში, ვინაიდან ის ყველა ჩვენგანისაა.
ეს არის ბრძოლა დემოკრატიისთვის და ქართული, მაშასადამე ევროპული ღირებულებებისთვის. თქვენი პროტესტი განასახიერებს ჩვენს საერთო მისწრაფებებს და სულისკვეთებას ჩვენი ევროპული მომავლის მიმართ. მადლობა ყველა ქართველ სტუდენტს, რომ დღეს იქ დგას სადაც ჩვენ, უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტები, ვერ ვახერხებთ ყოფნას. არა რუსულ კანონს! არა რუსეთს! კი ევროპას! საქართველო ევროპაა! ურყევი მხარდაჭერით და სოლიდარობით, ქართველი სტუდენტები საზღვარგარეთიდან", - ნათქვამია განცხადებაში.
***
საქართველოს მასშტაბით სტუდენტური გაფიცვა დაიწყო - რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები გამოვივიდნენ. გაფიცვის და პროტესტის დაწყების შესახებ პირველი განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა 11 მაისს გააკეთეს. მათ თქვეს, რომ ორშაბათიდან [13 მაისი] უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. ამასთან, თსუ-ის სტუდენტებმა მათ ლექტორებს გაფიცვისკენ, ხოლო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აკადემიური პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ამავე დღეს, განცხადება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც ისინი თსუ-ის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და გაფიცვაში უერთდებოდნენ.
სტუდენტურ გაფიცვას 12 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი იქამდე იქნებიან გაფიცულები, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს უკან არ გაიწვევს.
გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც 12 მაისს შეუერთდნენ. "ვიქნებით ყველგან თქვენს შორის თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით, ქართული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე!, - ამბობენ თსსუ-ის სტუდენტები.
გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ - 12 მაისს გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ამბობენ, რომ "სტუდენტების მასობრივი პროტესტი გარდამტეხ როლს ითამაშებს მიმდინარე პროცესებში".
გარდა ამისა, გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარი თქვეს.
განცხადება გაფიცვის შესახებ საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილმაც გაავრცელა. მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.
13 მაისს, გაფიცვას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ.
გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს. მათ განცხადებაში წერია, რომ "უერთდებიან ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ტოვებენ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. "გამჭვირვალობის კანონს" უკან არ გაიწვევს".
გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ.
გაფიცვას შეუერთდნენ ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების, რომლებმაც საპროტესტო აქციას მოაწყეს.