პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია როგორც "მოლოტოვის კოქტეილი" - ნანა კაკაბაძე
მოტივირებულ შენიშვნებად“ სალომემ და მისმა იურისტებმა ჩათვალეს დეკლარირებული განცხადება, რომ თურმე კანონი რაღაც პრინციპებს ეწინააღმდეგება, რითაც ახალი მიდგომა დაამკვიდრეს იურისპრუდენციაში, რომ თურმე ასეთი ზერელე და ზედაპირული ახსნა-განმარტება შეიძლება ჩაითვალოს „მოტივირებულ შენიშვნებად, - ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, ზურაბიშვილის მიზანია, მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ მისთვის პრიორიტეტია არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესები. თუმცა, კაკაბაძის თქმითვე, ისიც ძნელი გასარკვევია, პრეზიდენტი საკუთარ ქვეყნად საქართველოს მიიჩნევს, საფრანგეთს თუ სხვა სახელმწიფოს.
„ვეტო, როგორც მოლოტოვის კოქტეილი
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის საფუძველზე ვეტო დაადო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს.
აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ „საქართველოს პრეზიდენტი 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს“.
ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულმა ზურაბიშვილმა „მოტივირებულ შენიშვნებად“ დაასახელა საკუთარი მოსაზრება, რომ თურმე ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 („თანასწორობის უფლება“), მე-15 („პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის“), 22-ე („გაერთიანების თავისუფლება“) და 78-ე („ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია“) მუხლებს. ამ საკითხისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე კი ამაყად განაცხადა:
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი თავისი არსითა და სულისკვეთებით რუსული კანონია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, ჩვენ ევროპულ გზაზე წარმოადგენს შეფერხებას. ეს ვეტო იურიდიულად სრულიად გამართულია და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, ძალიან მარტივი ვეტოა - ეს კანონი უნდა გაუქმდეს!“
მოკლედ, „მოტივირებულ შენიშვნებად“ სალომემ და მისმა იურისტებმა ჩათვალეს დეკლარირებული განცხადება, რომ თურმე კანონი რაღაც პრინციპებს ეწინააღმდეგება, რითაც ახალი მიდგომა დაამკვიდრეს იურისპრუდენციაში, რომ თურმე ასეთი ზერელე და ზედაპირული ახსნა-განმარტება შეიძლება ჩაითვალოს „მოტივირებულ შენიშვნებად“.
საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს კანონს, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს“. და რას უნდა უყაროს კენჭი პარლამენტმა. ეწინააღმდეგება თუ არა კანონი კონსტიტუციის მუხლებს? თუ იმას, რუსულია ეს კანონი თუ ქართული?
მოკლედ, პრეზიდენტად წოდებული ეს ქალი ყოველდღე უმტკიცებს მტერს და მოყვარეს, რომ არ ესმის იმ თანამდებობის ფუნქცია, რომელზეც ის „ქართულმა ოცნებამ“ დასვა და კუ და მორიელის იგავის მსგავსად მუდმივად ამჟღავნებს შხამიანი მორიელის ბუნებას. აქედან გამომდინარე მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რომ მის პრიორიტეტს წარმოადგენს უცხო ქვეყნების ინტერესები და არა საკუთარი ქვეყნისა. თუმცა, ისიც უკვე ძნელი გასარკვევია, საკუთარ ქვეყნად საქართველოს მიიჩნევს, საფრანგეთს თუ სხვა სახელმწიფოს.
ამ შემთხვევაში პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს“, - წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.