ვეტოს დაძლევა ძვირად დაუჯდებათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც და ქვეყანასაც - ლევან ლორთქიფანიძე
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებამ, რომ ევროკავშირი შესაძლო ომისთვისა და ერთობლივი შეიარაღებისთვის უნდა მოემზადოს, დაადასტურა, რომ უახლოეს ხანებში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას არ უნდა ველოდოთ.
დასავლური ქვეყნებიდან ჯარების უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა, 26 თებერვალს, პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. იმ დროისთვის უკრაინის მეზობელი პოლონეთი საომარ ზონაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა - დღეს მედიაში გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადება, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხოს.
ამ დროისთვის ფინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, უნგრულ გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია დომინირებს.
სანამ ევროპა „ომში წამსვლელთა სიას ადგენს“, რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნები დაიწყო, ირანმა კი სტრატეგიულ პარტნიორს უახლესი მართვადი ბომბები - Qaem-5 გაუგზავნა.
რით დასრულდება „იარაღის ჟღარუნი“ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში? – ამ თემებზე TIA.GE-ს პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი, სოციალური სამართლიანობის კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე კავკასიური სახლის გამგეობის წევრი ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა:
- ომში წამსვლელთა თქვენს ჩამონათვალს გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებას დავამატებდი, რომელმაც თქვა, რომ გერმანული არმია ომის თვალსაზრისით ეფექტური უნდა იყოს და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად ლიეტუვაში გერმანული შენაერთი მუდმივად განლაგდა და დაფუძნდა. ყველაფრის მიუხედავად, მგონია, რომ ძალიან საგანგაშო არაფერი ხდება. უბრალოდ, მსოფლიოს და განსაკუთრებით, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება. 2022 წლამდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი ევროპის შუაგულში ასე ღიად და პირდაპირ ომს დაიწყებდა. ახლა ევროპაში გაიგეს, რომ რუსეთი შეიძლება მეზობელ ქვეყნებს თავს დაესხას, ნატოს საზღვრებთან გარკვეული მანევრები ჩაატაროს და ა.შ. თუ დააკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპა ფულს ძირითად თანხას ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ხარჯავდა და თავდაცვის სამინისტროები და სამხედრო საკითხები მეორეხარისხოვანი იყო, ახლა ვითარება შეიცვალა. ევროპაში მიხვდნენ, რომ ომის ეპოქაში ეკონომიკური და სოციალური საკითხები საკმარისი არაა და ჯარი უნდა გაძლიერდეს. მეტსაც გეტყვით, უახლოეს ათწლეულში მსოფლიოში ალბათ კიდევ ერთი დიდი სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნება. უფრო სწორად, ევროკავშირი სამხედრო ნიშნებს შეიძენს და სამხედრო განზმილება ექნება. უკვე დაწყებულია ლაპარაკი საერთო არმიის შექმნაზე, ევროკავშირის სამხედრო სამდივნოს ჩამოყალიბებაზე და ა.შ.. მოკლედ, ეს ყველაფერი ევროპის პასუხია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. ევროპა რუსეთის შესაკავებლად იარაღდება და ცდილობს ფეხზე უფრო მყარად დადგეს, რომ ევროკავშირის საზღვრებზე გალაშქრების სურვილი დაუკარგოს.
- გულზე ხელებდაკრეფილი არც რუსეთია და მისი პასუხი როგორი იქნება?
- ჩვენ ისევ ცივი ომის პერიოდისკენ მივდივართ, რომელიც ადრე მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა, ახლა კი ევროპის შიგნით იწყება, იმიტომ, რომ სხვაგან სხვა მოთამაშეები არიან. რა ხდებოდა ცივი ომის დროს, რა აკავებდა ვითარებას, რომ ცხელ ომში არ გადაზრდილიყო? რა თქმა უნდა, გამალებული შეიარაღება ორივე მხრიდან. ასეთ პროცესს ველოდებით ახლაც. მხარეები ყველანაირ სცენარს დაამუშავებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სამხედრო ინტერვენციის განხორციელება არ უღირდეს. ასე, რომ შემაშფოთებელი უკვე მოხდა უკრაინის ომის სახით, ახლა შემაშფოთებელი აღარაფერი ხდება. ახლა ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთს დაუმტკიცოს, რომ მასზე გალაშქრება ძვირად დაჯდება. სწორედ ეს ხდება ხოლმე საომარ ოპოქაში მშვიდობის წინაპირობა.
- საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე რას გვეტყვთ? ვერსია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის უკან რუსეთ-საქართველოს ხელისუფლებების გარიგება და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მოიაზრებოდა, კარასინის და ზატულინის განცხადებებმა გააცამტვერა.
- ჯერ ერთი, ოკუპირებული ტერიტორიების ისეთი დაბრუნება არ უნდა გვინდოდეს, რომ აფხაზები და ოსები ძალით შემოგვიერთდნენ და ისევ მტრად გადავიკიდოთ. რუსეთის შეკოწიწებული საქართველო შეიძლება ნებისმიერ დროს დაიშალოს, ამიტომ თავად ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საერთო სახელმწიფოში ცხოვრების სურვილი. მეორე ფაქტორია, რომ არასოდეს თავისი ისტორიის მანძილზე რუსეთს ტერიტორია არავისთვის დაუბრუნებია და რაღა ახლა დაგვიბრუნებდა? ეს იყო ხელისუფლების მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მითი, რომ ჩვენ ტყვიას შუბლს ვუშვერთ, ოჯახის წევრების დასანქცირებაზე მივდივართ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოც გაერთიანდეს. ეს თავიდანვე მითი იყო და კარგია, რომ ამავე ეტაპზე გამოირიცხა. რაც შეეხება გარიგებას, რუსეთსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სავარაუდოდ, გარიგება არსებობს.
- გარიგების საგანი რა არის?
- ეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და კეთილდღეობას არ უკავშირდება. გარგების პირობები მხოლოდ ბატონი ივანიშვილის საბანკო ანგარიშების მდგომარეობას და მისი კაპიტალის უსაფრთხოებას უკავშირდება, თუმცა ბუნებრივია, ამ თემაზე ჩვენ დეტალურ ინფორმაციას და ანგარიშს არავინ ჩაგვაბარებს.
- რამდენად დამაჯერებლად გეჩვენებათ არგუმენტი, რომ ევროპა ჩვენს ომში ჩართვას ცდილობს და მისგან დისტანცირება უსაფრთხოების გარანტიაა, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს, ისევე, როგორც სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ფრონტზე მიერეკება?
- მეტსაც გეტყვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა ყოფილ პრეზიდენტს თავისი მინი „ვაგნერი“ ანუ კერძო სამხედრო კომპანია აქვს ჩამოყალიბებული. შემოსავლის მიღების მიზნით, ახალგაზრდები ამ კომპანიებში თვითონ წევრიანდებიან როგორც დაქირავებული მებრძოლები და ომში მიდიან. რუსეთი ყველანაირ რესურსს იყენებს, რომ მათი აზრით „მეორეხარისხოვანი“, არარუსი მოსახლეობა ომში ჩართოს. უკრაინის მიწაში ნაციონალური უმცირესობებისგან დაკომპლექტებული არა ერთი ბრიგადა ჩაწვა, როდესაც დიდი ქალაქებიდაან ახალგაზრდებს ომში არ იწვევენ.
- თქვენი აზრით, რა პროცესები განვითარდება საქართველოში ვეტოს დაძლევის შემდეგ?
- ქვა აღმართიდან უკვე დაგორებულია და მისი გამჩერებელი არავინაა. ვფიქრობ, რომ ვეტოს დაძლევა ძვირად დაუჯდებათ „ქართული ოცნების წარმომადგენლებსაც“ და ქვეყანასაც. ერთი მხრივ, აუცილებლად მოხდება ოჯახებიანად სანქცირება და მეორე მხრივ, საქართველო დასავლეთზე დამოკიდებული ეკონომიკაა და დასავლეთი აუცილებლად დაიწყებს საქართველოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლო წყაროების გადაკეტვას. ჩვენ გველის დოლარის კურსის ცვლილება და უამრავი დახმარების შეჩერება, რაც გამოიწვევს ძალიან დიდ სოციალურ უკმაყოფილებას არა ამერიკის და დასავლეთის, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიმართ.