უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა
რუსეთის ფედერაციაში „ქართული ლეგიონი“, რომლის წევრებიც უკრაინაში იბრძვიან, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს. ამის შესახებ რუსული მედია „ეფესბეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი „ქართული ლეგიონის“ წევრებს ბრალად სდებს რუსეთის ტერიტორიაზე „ტერორისტული აქტების ორგანიზებას“, „რუსი სამხედროების წამებას“ და „მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას“.
„ეფესბეს“ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რაიონულმა სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული ფორმირება „ქართული ეროვნული ლეგიონი“, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაციების ერთიან ფედერალურ სიაშია შეყვანილი და მისი საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე.
ლეგიონის წევრები საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს და ასევე, ჩართული არიან დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებაში რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში“, - აცხადებენ „ეფესბეში“.