თეგებით ძიება

წვიმისგან გამოწვეული რისკები - რა უნდა იცოდეს ქალაქმა?

გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მოწყვლადია ჩვენი ურბანული ინფრასტრუქტურა სტიქიური მოვლენების მიმართ. ქალაქი, რომლის ქუჩებიც ყოველი წვიმის დროს გამოწვევების წინაშე დგება, საჭიროებს ფუნდამენტურ გადააზრებას საინჟინრო თვალსაზრისით. როდესაც ამინდის პროგნოზი ნაცვლად სტაბილურობისა, შფოთვას იწვევს, ეს პირდაპირ მიუთითებს სისტემურ ხარვეზებზე წყალამრიდი სისტემების მოწყობასა და ქალაქის სადრენაჟო ქსელის გამტარუნარიანობაში.

წვიმის დროს თბილისის ბევრი ქუჩა რამდენიმე წუთში წყლით იფარება და პრობლემა გადაჭარბებული ნალექი კი არა მოძველებული ან ახალი და გაუმართავი სანიაღვრე სისტემები, არასწორად დაგებული ასფალტი და ფილაქნებია.

ფეხით მოსიარულემ დისკომფორტის გამო, ტაქსით გადაადგილება რომ გადაწყვიტოს, თავს მარტივად ვერც ამ შემთხვევაში გადაირჩენს, რადგან უამინდობის დროს მგზავრობა 2-3-ჯერ ძვირი ღირს და დანიშნულების ადგილას დროულად მიღწევა წარმოუდგენელია, უფრო მეტიც, შესაძლოა, საცობში საათობით მოგიწიოთ ყოფნა. ამას ემატება სავსე ტრანსპორტი და ხანგრძლივად ლოდინი გაჩერებებზე.

პრობლემები ექმნებათ კომერციული ობიექტების მფლობელებსაც. მაღაზიები, ოფისები და ბაზრობები, რომლებიც ქუჩასთან ახლოს ან მეტროსადგურებთან მდებარეობს, ხშირად იტბორება და საკმაოდ დიდი ზიანიც ადგება.

გადაწყვეტილებები უარყოფითი გავლენების შესამცირებლად

წვიმით გამოწვეული პრობლემები უცხო მსოფლიოს ბევრი ქალაქისთვის ნამდვილად არ არის და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა აქვს, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შეუცვლელი სტანდარტი პრობლემის იდენტიფიცირება და კონკრეტული გეგმის ჩამოყალიბებაა. მნიშვნელოვანია არსებული ქსელების მუდმივი გაწმენდა და გაფართოება, სწრაფად მზარდ უბნებში ახალი სანიაღვრე არხების (ხარისხიანი) მშენებლობა, ჭების რაოდენობისა და განლაგების გათვლა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. აუცილებლად გასათვალისწინებელ ფაქტორებს შორისაა ახალი მშენებლობების პროცესში სანიაღვრე სისტემების სწორად დაგეგმვა. პრობლემის მოგვარების კარგ შესაძლებლობას კი ჭკვიანი სისტემების დანერგვა იძლევა.

კოპენჰაგენი 2011 წლის წყალდიდობის შემდეგ დიდი საფიქრალის წინაშე აღმოჩნდა და პროექტი Climate Resilient Neighbourhoods განახორციელა. შედეგად ქუჩები ისე დაპროექტდა, რომ წვიმის წყალი სპეციალურ სკვერებში გროვდება და ნელა მიედინება საკანალიზაციო არხისკენ.

ზაგრებში ბიოლოგიური ფილტრაციები და მწვანე ზოლები გამოიყენება, ვუჰანში 2000-იანი წლებიდან მოქმედებს Sponge City სისტემა, რაც წყლის შენახვის შესაძლებლობას იძლევა და ქალაქს დატბორვისგან იცავს. იგივე მიდგომებია შანხაისა და კარდიფში. პრობლემასთან გასამკლავებლად დუბაიში ჭკვიან, ბანგკოკში კი მიწისქვეშა სადრენაჟე სისტემებს იყენებენ. ატლანტაში (აშშ) ამ ფუნქციას ასრულებს საზოგადოებრივი პარკები, სადაც წყალშემკრები სივრცეები და სპეციალური ორმოები წვიმის წყლის დაგროვების შესაძლებლობას იძლევა, წყალი ნელა გაედინება და სანიაღვრე არხებს გადატვირთვისგან, საცხოვრებელ უბნებს კი დატბორვისგან იცავს.

მსოფლიოში ეს საკმაოდ ძვირადღირებულ პროექტებად მიიჩნევა, მაგრამ სარგებელი გრძელვადიანი და მდგრადია.

სწორად დაპროექტებული და ტექნიკურად გამართული ინფრასტრუქტურა არის საფუძველი ქალაქის მდგრადი განვითარებისა. წყალამრიდი სისტემების თანამედროვე მეთოდების დანერგვა და მათი სწორი ექსპლუატაცია საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი ნალექი გარდავქმნათ მართვად და უსაფრთხო პროცესად. ინვესტირება საინჟინრო გამძლეობაში არა მხოლოდ ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტია, არამედ ურბანული ცხოვრების ხარისხის ამაღლების საუკეთესო გზაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა