დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის, 15 პოლიციელი - ვრცელდება უმძიმესი კადრები დაღესტნიდან
კვირას, საღამოს, დაღესტნის ქალაქ დერბენტსა და მახაჩყალაში მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, სინაგოგასა და პოლიციაზე თავდასხმების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე, 17 ადამიანი, მათ შორის, 15 პოლიციელი დაიღუპა.
ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ მოკლულია ხუთი თავდამსხმელი - ორი დერბენტში და სამი მახაჩყალაში. დაღესტნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პოლიციელების გარდა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი. საავადმყოფოში გადაყვანილია 16 ადამიანი. დაღუპულთა შესახებ დაზუსტებული ცნობები ჯერ ისევ არ ვრცელდება.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა. 24-26 ივნისი დაღესტანში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა დერბენტსა და მახაჩყალაში კვირას, გვიან საღამოს დაიწყო.
დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას და თაგი-ზადეს ქუჩაზე მდებარე კელე-ნუმაზის სინაგოგას. ეკლესიის წინამძღოლი გარდაცვლილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ეკლესიასა და სინაგოგას ავტომატური იარაღიდან ესროდნენ. თავდასხმის შედეგად სინაგოგაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომელიც მხოლოდ გვიან ღამით ჩააქრეს.
რუსეთის ებრაელთა კონგრესი განმარტავს, რომ თავდასხმა დერბენტში, სინაგოგაზე, საღამოს ლოცვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
პოლიციელებმა და დაცვის თანამშრომლებმა მოიგერიეს თავდამსხმელები. ტერორისტებმა შენობაში ცეცხლის გაჩენა მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით შეძლეს.
მსგავსი თავდასხმა მოხდა მახაჩყალაშიც, სადაც ერმოშკინის ქუჩაზე საგზაო პოლიციის პოსტს, რომლის გვერდითაც სინაგოგაა, ცეცხლი გაუხსნეს. "რია ნოვოსტი" რაბინზე დაყრდნობით იუწყება, რომ მახაჩყალის სინაგოგაში არავინ დაშავებულა.
ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან სროლისას კი ეკლესიის დარაჯი გარდაიცვალა, - განუცხადა TASS-ს მრევლის წევრმა. "როგორც კი სროლა დაიწყო, ჩვენ შიგნით ჩავიკეტეთ“, - ამბობს თვითმხილველი.