თეგებით ძიება

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ახლად დაფუძნებული მოძრაობა “არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი”.

„მოძრაობა არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც.

განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო უკრაინამ მას შემდეგ, რაც უკრაინული საზოგადოება 2013 წელს იმავე თემის პოლიტიკურ მძევლად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება გამოიყენონ.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული როგორც ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპას 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მოუტანა და რომელიც მას დღემდე ინერციით ჯერ კიდევ მოჰყვება, ისე ის ღირებულებითი, დემოკრატიული კრიზისიც, რომელშიც ევროკავშირი 2008 წლის შემდეგ აღმოჩნდა.

დღეს უამრავი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკაც და ბიუროკრატიაც არა ევროპული ხალხის, არამედ თავიდან ბოლომდე უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება”, - განაცხადა შაქარიშვილმა პრეზენტაციის წარდგენისას.

შაქარიშვილის თქმითვე, ერთი წლის შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

„იმისთვის, რომ საზოგადოება სწორი მიმართულებით განვითარდეს და ხალხმა პოლიტიკაში არა ყალბი დოგმებით, არამედ პრაგმატულად იაზროვნოს, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება”,- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა