ბორელმა ჩინეთს სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ASEAN-ის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მხარეებმა ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები განიხილეს.
ბორელმა განმარტა, თუ რატომ მიიჩნევს ევროკავშირი რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ ევროპისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ. მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩინეთის მიერ დიდი რაოდენობით ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ნივთების ექსპორტი წარმოადგენს რუსეთის მხარდაჭერას სამხედრო აღჭურვილობის შესაქმნელად.
ბორელმა ჩინეთს სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებას.