ლოიდ ოსტინი: არ ვფიქრობ, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი გარდაუვალია. ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს დიპლომატიის შესაძლებლობა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის განეიტრალებისკენ ისწრაფვის. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ვითარების ესკალაციის ფონზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დიპლომატიური გზით თავიდან არიდება შესაძლებელია.
„არ ვფიქრობ, რომ ომი გარდაუვალია. ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს დიპლომატიის შესაძლებლობა. მსურს მხარეებმა ეს შესაძლებლობები გამოიყენონ. ის პროცესები, რომლებსაც ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ვხედავთ, გვაშფოთებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რეგიონული მასშტაბით კონფლიქტი თავიდან ავირიდოთ. თუკი ისრაელს თავს დაესხმებიან, ჩვენ, ცხადია, ისრაელს დავეხმარებით, როგორც ეს აპრილში გავაკეთეთ. თუმცა, არ გვსურს რომ მსგავსი რამ მოხდეს და დიპლომატიური გზების გამოყენებით, ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას“, - აღნიშნა ოსტინმა.
„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული.
რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ბეირუთის ერთ-ერთ უბანზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი მოკლეს.