„სახლში შეუვარდნენ და სცემეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა...“ - ატენში ნაცემი 40 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ნაცემი 40 წლის კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. არსებული ცნობით, საავადმყოფოში შეყვანისას, მას თავის ქალის ძვლების მოტეხილობა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. როგორც სამხედრო ჰოსპიტალში აცხადებენ, პაციენტს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
ადგილობრივი მედია სოფლის მცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში სავარაუდოდ ორი პირი მონაწილეობდა.
„ორივე ერთად შეუვარდა სახლში და იქ სცემეს. მეუღლეც შეესწრო. როგორც ჩანს, დაკავებული ვინცაა, ის ცდილობს, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს, რათა ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია არ მიეცეს. მეორე ვინც იყო, ახლახან გამოვიდა ციხიდან. დაკავებულის მოგვარეა, შესაძლოა ნათესავიც“, – წერს „მოზაიკა” წყაროზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 2024 წლის 29 ივლისს, ატენში მცხოვრებ დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2024 წლის 31 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის დააკავა. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.