საქართველოში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს - კვლევა
საქართველოში ყოველი მეხუთე ახალგაზრდა არც მუშაობს და არც სწავლობს, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებისა და განათლებაში ჩაბმის მაჩვენებლები, ხელფასი, გენდერული და სხვა საკითხებია განხილული.
PMCG-ის კვლევის მიხედვით, მიუხედავად ახალგაზრდების განათლებაში ჩაბმის კუთხით მიღწეული პროგრესისა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალია იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს (NEET), რაც მიუთითებს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის დაწყებისას აწყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ 2020-2023 წლებში NEET საქართველოში საგრძნობლად, 8 პპ-ით შემცირდა, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით კვლავ მაღალია (5 პპ-ით).
აღსანიშნავია, რომ NEET მაჩვენებლის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ირჩევს განათლების მიღებას, ვიდრე სამუშაო ძალაში შესვლას, რასაც ცხადყოფს იმ ახალგაზრდების წილის ზრდა (+8 პპ), რომლებიც სწავლობენ, მაგრამ არ მუშაობენ.
2023 წელს ახალგაზრდების მხოლოდ 7% ახერხებდა ერთდროულად სწავლას და მუშაობას. გარდა ამისა, ვინც სწავლობდა, მათგან მხოლოდ 10%-ს ჰქონდა სამსახური, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს შრომის ბაზარზე ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილების ნაკლებობაზე.
ახალგაზრდების შრომის ბაზრის გენდერული პერსპექტივიდან გაანალიზება მნიშვნელოვანია პოტენციური გენდერული უთანასწორობის დასადგენად. 2023 წელს ახალგაზრდა ქალებსა და კაცებს შორის ორი ძირითადი განსხვავება დაფიქსირდა: ახალგაზრდა კაცების წილი, რომლებიც მუშაობენ და არ სწავლობენ, უფრო მაღალია (10 პპ-ით), ვიდრე ახალგაზრდა ქალების წილი. ხოლო ახალგაზრდა ქალების წილი, რომლებიც სწავლობენ და არ მუშაობენ, ახალგაზრდა კაცების წილს აღემატება (9 პპ-ით).