ღამის ტრანსპორტი – საჭიროება, რომელიც თბილისს აკლია
ღამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა თანამედროვე ქალაქის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. განსაკუთრებით დიდი ქალაქებისთვის, როგორიცაა თბილისი, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობის საჭიროებებს სრულად მოერგოს — მათ შორის ღამის საათებშიც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება. ის აკავშირებს ადამიანებს სამსახურთან, განათლებასთან, ჯანდაცვასთან, გართობასთან და ერთმანეთთან. ქალაქის აქტიური ცხოვრება არ სრულდება დღის ბოლოს — ადამიანები გვიან ბრუნდებიან სამსახურიდან, სწავლიდან, თეატრიდან, კონცერტიდან, ან უბრალოდ საღამოს გასეირნებიდან. ღამის საათებში გადაადგილების საშუალებების არარსებობა კი მათ არჩევანს ამცირებს და ხშირად აიძულებს ანძვირ ტაქსებს მიმართონ, ან ფეხით იარონ, რაც არც უსაფრთხოა და არც მოსახერხებელი.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი — მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი — ფუნქციონირებს ძირითადად დილისა და საღამოს საათებში და დაახლოებით ღამის 12-ზე წყვეტს მოძრაობას. მოქალაქეები, რომლებიც ამ დროის შემდეგ უნდა გადაადგილდნენ, სერიოზული დისკომფორტის წინაშე დგებიან.
მსოფლიოს არაერთ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამითაც მუშაობს, რაც მოსახლეობისთვის რეალურ სარგებელს ქმნის. მაგალითად, ნიუ-იორკში მეტრო 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებს, რაც ქალაქის სტატუსს — როგორც არასოდეს მძინარე ურბანულ ცენტრს — ასახავს. ლონდონში პარასკევს და შაბათს რამდენიმე მეტროს ხაზი ღამითაც აგრძელებს მუშაობას, ბერლინში კი პარასკევ და შაბათ ღამით ღიაა როგორც მეტრო (U-Bahn), ისე მიწისზედა რკინიგზა (S-Bahn). ამსტერდამში ღამის ავტობუსები მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებიან მგზავრებს, რაც ამცირებს ტაქსზე დამოკიდებულებას და აძლიერებს ქალაქის მობილურობას.
თბილისში რამდენიმე წლის წინ ფუნქციონირებდა 337 ნომერი ღამის ავტობუსი, რომელიც აეროპორტის მიმართულებით მოძრაობდა და სადგურის მოედანს აკავშირებდა ქალაქის ერთადერთ საერთაშორისო აეროპორტთან. თუმცა პანდემიის დროს ეს სერვისი შეჩერდა და მას შემდეგ აღარ აღდგენილა.
ღამის ტრანსპორტის არსებობა ზრდის ურბანულ უსაფრთხოებას, ამცირებს გადატვირთულობას დღის საათებში, აფართოებს მოქალაქეთა თავისუფლებას და ეკონომიკურადაც გამართლებულია, რადგან მეტ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, კომფორტულად, უსაფრთხოდ და ხელმისაწვდომად გადაადგილდეს ნებისმიერ დროს.
თბილისის ურბანული განვითარების მომავლისთვის ღამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს — როგორც ცხოვრების ხარისხის, ისე ქალაქის მდგრადი მობილობის განვითარების თვალსაზრისით.