თუ ტვირთები ევროკავშირმა არ მიიღო, ანაკლიაში ქვა ქვაზე არ დაიდება და როგორც ქუთაისში ავტომრეწველობის ქარხანა აშენდა, ისე აშენდება პორტიც - ოთო აბესაძე
“უცხოური გავლენის” კანონის ძალაში შესვლის ფონზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება შეუჩერა. უკვე შეჩერებულია"საიმედო პარტნიორის" სახელით ცნობილი სამხედრო წვრთნებიც. საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას განიხილავს ევროკავშირიც. რა გავლენას მოახდენს დასავლური სანქციები ქვეყნის მდგომარეობაზე, როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური კუთხით? თემაზე TIA.GE-ს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ოთო აბესაძე ესაუბრა:
- პროგნოზი შეუიარღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, ვინაიდან ნებისმიერ საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმას, საფინანსო ინსტიტუტს, დონორს და ა.შ. აინტერესებს როგორია პლიტიკური ვითარება ქვეყანაში, სადაც ინვესტირებას ან რაიმე პროექტის განხორციელებას აპირებს. ეს უნდა იყოს აუცილებლად დემოკრატიული სახელმწიფო, უნდა ჰქონდეს თავისუფალი სასამართლო და სხვადასხვა ღირებულებით იყოს დასავლეთთან თანხვედრაში, ვინაიდან ეს უფრო მეტ თავისუფლებას და უსაფრთხოებას ნიშნავს. დღეს ვიღებთ სურათს, რომ საქართველო ხდება მსოფლიოს ორი წამყვანი პოლიტიკური ცენტრის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისგან იზოლირებული. ეს გამოიხატება გადაადგილების შეზღუდვაში, ფინანსურ შეზღუდვებში, შესაძლო პოლიტიკურ სანქციებში და ა.შ. ყოველგვარი ზედმეტი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, ეს თავისთავად უნეგატიურესი მოვლენაა, ვინაიდან ხელს შეუშლის საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლას და ქვეყანაში ინფლაციისა და ვალუტის გაუფასურების კუთხით, ეკონომიკურად, რეპუტაციულად და ა.შ. მძიმე მდგომარება შეიქმნება.
- დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება...
- შექმნილი ვითარების საპირწონედ ის, რომ ჩვენ შესაძლოა, ვიყოთ ალტერნატიულ, აზიურ ბაზარზე, არამც და არამც არ განიხილება. ჩინეთი, ირანი და რუსეთი საერთაშორისო ცივილური საზოგადოების მხრიდან სანქცირებული ქვეყნები არიან. ჩვენი სახელმწიფოს მდგმარეობა მათ ახლა იზიდავთ, როდესაც გვაქვს სვიფტი, შეგვიძლია გავატაროთ ფულადი ტრანსფერები, მიმოქცევაში გვქონდეს ევრო და დოლარი, რაც მათთვის სანქციების გამო, ხელმისაწვდომი არ არის. თუ ჩვენც ამ ტიპის პრობლემებში აღმოვჩნდით, რაც სამწუხაროდ, გვემუქრება, მათთვის საინტერესო აღარ ვიქნებით და მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. მინდა თქვენ და ყველამ კარგად გაიხსენოთ დღე, როდესაც ქუთაისში დიდი ამბით კაფსულა ჩადეს და ჩინური ელექტროავტომობილების წარმოება დააანონსეს.
- ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა 2019 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა. დაპირების მიხედვით, ჩინური კომპანია „ჩანგანის“ და კომპანია „აი გრუპის“ თანამშრომლობით, ელექტრომობილების ქარხანა აშენდებოდა, რომელიც უკვე 2020 წელს ბაზარს ელექტრომობილებს მიაწვდიდა.
- თუ დაინტერესდით რატომ არ აშენდა ეს ქარხანა? იმიტომ, რომ ევროკავშირმა განაცხადა, რომ აღნიშნული ჩინური კომპანიის მიერ წარმოებულ ავტომობილებს ევროპის ბაზარზე არ მიიღებდნენ. იგივე ხდება ანაკლიის პორტზეც. თუ პორტში არ შევიდა საერთაშორისო გადამზიდი Maersk-ი და მანდ წარმოებული ტვირთები ევროკავშირმა არ მიიღო, ანაკლიაში ქვა ქვაზე არ დაიდება და როგორც აშენდა ქუთაისში ავტომრეწველობის ქარხანა, ისე აშენდება პორტიც. ის, რომ საქართველო აზიური ფულის შვეიცარია გახდება, ტყუილი და დემაგოგიაა. აზიური ფულის შვეიცარია რომ გახდე, გჭირდება სვიფტი და საერთაშორისო ფულად-საკრედიტო და მონეტარული მხარდაჭერა. თუ ეს ყველაფერი დასავლეთიდან გაქრა, ჩინეთ-რუსეთ-ირანის სარჩენი გავხდებით და დამიჯერეთ, მათ თავიანთი პრობლემა იმდენი აქვთ, რომ ჩვენი რჩენა არაფერში სჭირდებათ.
დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ აშშ-დან შეჩერდა მთავრობის პირდაპირი წესით დაფინანსება - 90 მილიონი დოლარი. ეს თანხა მიდიოდა ბიუჯეტის შევსებაზე, ადმინისტრაციული რესურსის ხელფასებზე, ინფრასტრუქტურაზე, გზებზე.. გარდა ამისა, წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონ დოლარს ვიღებთ საერთაშორისო ფონდებიდან და ორგანიზაციებიდან. ეს არის დაფინანსება, გრანტი, სესხი და ა.შ. ეს თუ შეჩერდა და ამის ძალიან დიდი შანსია, ალტერნატივა არ არსებობს.
- დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე ამერიკასა და ევროპაში მყოფ ქართულ ემიგრაციას პრობლემები ხომ არ ელის?
- პრობლემები იქნება პირველ რიგში მათთვის, ვისაც საბუთი არ აქვს. სავარაუდოდ, მოხდება მათი მკაცრი დეპორტირება, ვინაიდან ქვეყნები წყვეტენ ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობებს.
- ენდობით თუ არა „ედისონ რისერჩის“ კვლევებს და თქვენი აზრით, რამდენად გამოხატავს ბოლო კვლევები მოსახლეობის განწყობას?
- მე ვენდობი ყველა ყველა გავლენიან საერთაშორისო ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში კვლევებს აწარმოებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც ისტორიული რაკურსია, რომ საქართველლოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას და ევროკავშირის წევრობას მხარს უჭერს. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები არ იქნება კლასიკური პოლიტიკური არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელიც ქვეყნის სამომავლო საორიენტაციო კურსს წყვეტს. თუ 20/24-ში ევროპულმა ძალებმა არ გაიმარჯვეს, საქართველო აზიის გაურკვეველი კავშირის წევრი გახდება. შესაბამისად, ნებისმიერი კვლევა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობისკენ პოზიტივს გამოხატავს, მისაღებია, რადგან მოსახლეობის არჩევანიც ასეთია.
- თქვენი აზრით, რატომ შეცვალა კურსი ხელისუფლებამ, რომლის დროსაც ევროპასთან უვიზო მიმოსვლა დაიწყო?
- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი ფენომენი, რომელიც ალბათ პოლიტიკურ მეცნიერებებში უნდა ისწავლებოდეს. როგორ შეიძლება ხელისუფლებამ გააფორმოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ჰქონდეს ასეთ მკაფიოო წინსვლა ურთიერთობებში და შემდეგ ასე რადიკალურად შეცვალოს სურათი. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ რამდენიმე ადამიანმა იცის საქართველოში. დიდი ალბათობით მოხდა გარიგება რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, ოღონდ რაზე, არავინ იცის.
- მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას გამორიცხავთ?
- მეორე ფრონტზე საუბარი ბლეფია. დამერწმუნეთ, საქართველოს ვერავინ მოსთხოვდა მეორე ფრონტის გახსნას იმიტომ, რომ ქვეყანა ისეთ ეკონომიკურ-პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობაში არ არის, რომ რუსეთთან ომის წარმოება შეძლოს. ეს არის პოლიტიკური მითი.. ამას რომ ნამდვილად გვაიძულებდნენ, უკვე გვექნებოდა ფაქტები. სამწუხაროდ, ხელისუფლება საზოგადოებრივ ემოციებზე ძალიან უხეშად მანიპულირებს და ძალიან პრიმიტიულ დონზე აყენებს შეურაცხყოფას თავის ამომრჩეველს. პარლამენტის დეპუტატი რომ იმაზე საუბრობს მსოფლიოს მასონები მართავენო, საერთოდ რაზეა საუბარი?