2025 წლის I კვარტალში კომპანიათა 40%-მა დასაქმებულთა ხელფასები გაზარდა - BAG-ის დასაქმების ბარომეტრი
BAG დასაქმების ბარომეტრის თანახმად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში კომპანიათა 40%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა კვარტალის მაჩვენებელს, თუმცა ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი კვარტალის მაჩვენებელს.
2025 წლის II კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიების 18% გეგმავს.
სექტორების მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, კომპანიათა ყველაზე დიდმა ნაწილმა მომსახურების სექტორში (49%) გაზარდა დასაქმებულთა ანაზღაურება. 2025 წლის II კვარტალში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდას კომპანიათა ყველაზე დიდი წილი მშენებლობის სექტორში (33%) გეგმავს.
ამასთან, გამოკითხულ კომპანიათა შორის, მათ ვინც 2025 წლის I კვარტალში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააფიქსირა, უმრავლესობამ (92%) ანაზღაურება 0-20%-ით გაზარდა, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა (8%) დასაქმებულთა ანაზღაურება 20-40%-ით გაზარდეს.
BAG ინდექსი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.