თეგებით ძიება

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე განაცხადების მიღება დასრულდა - ცნობილია კომპანია, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 47 მლნ ლარიან ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ "დაგმა" მიიღო მონაწილეობა. სამშენებლო კომპანია მერიას სამუშაოებს 31 870 000 ლარად სთავაზობს.

თბილისის მერიამ ტენდერი 2025 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყო და 28 მარტს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 47 მლნ ლარია, ხოლო დაფინანსება თბილისის ბიუჯეტიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება:

  • 2025 წელი - 10 000 000 ლარი;
  • 2026 წელი - 18 000 000 ლარი;
  • 2027 წელი - 19 000 000 ლარი.

შერჩეულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 760 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ხოლო პროექტირება-ექსპერტიზა 270 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • არსებული შადრევნებისა და კასკადის პირვანდელი ვიზუალის აღდგენა;
  • ჰიდროიზოლაციის გაუმჯობესება;
  • ელექტროენერგიის დამზოგველი განათების სისტემის დამონტაჟება;
  • წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების სრული განახლება;
  • სამშენებლო სამუშაოების საქართველოს მოქმედი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით განხორციელება;
  • ობიექტის ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია ვიდეომეთვალყურეობის, ელექტრომომარაგების, საკანალიზაციო სისტემებისა და სეისმომედეგი კონსტრუქციების უზრუნველყოფა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მინიმუმ 26 მილიონი ლარის ღირებულების რეკრეაციული ტერიტორიების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის გამოცდილება. ამასთან, ერთ დასრულებულ პროექტში არანაკლებ 7,850,000 ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ, ხოლო შადრევნების მოწყობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის კუთხით არანაკლებ 1 000 000 ლარის გამოცდილება უნდა წარადგინონ. შერჩეულმა კომპანიამ შესრულებული სამუშაოების (მათ შორის დეკორატიული სანათების) საგარანტიო პერიოდი მინიმუმ 2 წლის ვადით უნდა უზრუნველყოს.

bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა