საია შოვის ტრაგედიაზე: მიაწოდეთ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გამოძიების შესახებ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საყურადღებოა, რომ შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც კი, არცერთი პასუხისმგებელი პირი არ გამოვლენილა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები.
"ქვეყანას კვლავ არ გააჩნია ადრეული გაფრთხილების სისტემები, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციას/მინიმუმამდე შემცირებას და წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე, სენდაის ჩარჩო - პროგრამიდან გამომდინარე ვალდებულებას". - ვკითხულობთ საიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
საიას ცნობით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული 2021 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, "შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბიულეტენში ჩამოთვლილი საფრთხეების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ კურორტი შოვი მაღალი რისკის ქვეშ მოქცეულ უბანს განეკუთვნება და აუცილებელი იყო შესაძლო რისკებისა და საფრთხეების სრულყოფილად გამოკვლევა, ანალიზი და მონიტორინგი.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ საიამ 2023 წელს რაჭასა და გურიაში განვითარებული მოვლენების მაგალითზე საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან დაკავშირებით საადვოკაციო დოკუმეტი მოამზადა, რომელშიც აღნიშნულ საკითხებზე დასმული შეკითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.
საიას ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებზე დაყრდნობით დღემდე არ არის შესწავლილი, თუ რის საფუძველზე დამტკიცდა 2022 წლის 18 დეკემბერს კურორტ შოვის განაშენიანების გეგმა, რომელიც გეოლოგიურ ბიულეტენში იდენტიფიცირებული რისკის მიუხედავად, ტრაგედიის ზონაში სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების მშენებლობის უფლების გაცემას ითვალისწინებდა.
"ასევე, უცნობია სტიქიური პროცესების განვითარებამდე მიმდინარეობდა თუ არა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საჭირო ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფის რისკების დასადგენად; რატომ ვერ მოხდა საფრთხის დროული იდენტიფიცირება, რა სისტემური ხარვეზები არსებობს ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების დროს და რა პრობლემებს აწყდებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამ პროცესში ან რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
გარდა ამისა, წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა კონკრეტულად მდ. ბუბისწყლისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ინფორმაციას ხშირად აწვდიდა ადგილობრივ ხელისუფლებას, მოითხოვდა მდინარის ნაპირების გამაგრებასა და, ზოგადად, შოვში გარემოს მდგომარეობით დაინტერესებას. ამის მიუხედავად, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რატომ ვერ მოხდა თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან აღნიშნული რისკებით დაინტერესება" - წერს საია.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ონის მუნიციპალიტეტში შემუშავებული არ იყო სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უსაფრთხოების პასპორტი. საია წერს, რომ შოვის ტრაგედიიდან 1 წლის შემდეგ, კვლავ უცნობია, აქვს თუ არა აღნიშნული დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტს ან რა ეტაპზეა მათი შემუშავების პროცესი.
"ამას გარდა, საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, სათანადო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, თუ არა, სტიქიის ზონიდან ადამიანების დროული გაყვანა; არსებობდა თუ არა ამისთვის საჭირო საევაკუაციო გეგმები და მათი აღსრულებისთვის საჭირო ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური შესაძლებლობები.
საყურადღებოა, რომ შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შედეგაც კი, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არცერთი პირი არ გამოვლენილა.არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება. პროკურატურას ამ დრომდე არ უცვნია დაზარალებულად შოვში სტიქიას გადარჩენილი პირების ნაწილი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც უშუალოდ ღვარცოფულ მასაში იმყოფებოდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში.
ტრაგედიის მასშტაბის გათვალისწინებით, ცხადია, მთელი წელი მაღალი იყო მიმდინარე გამოძიების მიმართ საზოგადოების ინტერესი, თუმცა საგამოძიებო უწყებებმა საზოგადოების ინფორმირების ნაცვლად, საქმეში ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ადვოკატსაც კი, ჯერ უარი უთხრეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების გადაცემაზე, ხოლო 2024 წლის თებერვალში შეუზღუდეს საქმის მასალების შინაარსზე საჯაროდ საუბარი. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ საგამოძიებო ორგანო ორიენტირებულია, გაექცეს გამოძიების გარშემო არსებულ მწვავე კითხვებს და ფორმალურად აწარმოებს გამოძიებას" - წერს ორგანიზაცია.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს - უზრუნველყოს ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება მოსალოდნელ ბუნებრივ კატასტროფათა რისკების დასადგენად; მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ და რა ნაბიჯები გადაიდგა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ აღმოსაფხვრელად.
მუნიციპალიტეტებს - შეიმუშაონ უსაფრთხოების პასპორტები. მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა ეტაპზეა მათი შემუშავების პროცესი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს - მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა ადრეული შეტყობინების სისტემის შემუშავებისთვის და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი.
პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს - მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და მათი შედეგების შესახებ, ასევე, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებით გათვალისწინებული კვალიფიკაციით.
2024 წლის 3 აგვისტოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა და განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნებოდა ჭირისუფლებთან შეხვედრა და მათთვის გამოძიების დეტალებზე ინფორმაციის მიწოდება.