თეგებით ძიება

"დე, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს" - აგვისტოს ომის გმირის, 7 აგვისტოს დაწერილი უკანასკნელი წერილი დედას

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

ნახეთ აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის უკანასკნელ წერილს, რომელიც 7 აგვისტოს, დედას მისწერა.

"ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია. დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ. დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ. თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედა შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი. მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით“...

ცნობისთვის, აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა 2 აგვისტოს, გულის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა