განათლების დღევანდელმა რეფორმატორებმა, სანამ რაიმე სიახლეს გადმოიტანდნენ ოკეანის გაღმიდან, იქნებ ქართულ პედაგოგიკასაც გადაავლონ თვალი - ნათელა მაღლაკელიძე
კომპლექსური დავალება აღარ იქნება? - ეს კითხვა ახლახან დაისვა და პასუხიც იქვე გაეცა - ეს პროექტიც ჩაფლავდა, ისე როგორც ბევრი სხვა პროექტი განათლების სფეროში. (იხ.edu,ariis. ge 19 აგვისტო, 2024 წ). მართლა ასეა? აღარ გვჭირდება კომპლექსური დავალებები? რეფორმის ერთ-ერთი საინტერესო სიახლე - კომპლექსური დავალება - ჩაფლავდა? - ამ კითხვით TIA.GE-მ პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორს, განათლების აკადემიის წევრს ნათელა მაღლაკელიძეს მიმართა.
- სანამ ამ კითხვას გავცემდეთ პასუხს, ჩვენს მკითხველს ერთხელ კიდევ შევახსენებ, რა არის კომპლექსური დავალება. ეს არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც თავად მოსწავლე ქმნის. დავალების ეს ტიპი მოიცავს რამდენიმე აქტივობას ერთდროულად: მოძიებას, დალაგებას, მსჯელობას, პრეზენტაციას.
ახლა ვეკითხები უფროსი და საშუალო თაობის პედაგოგებს: ისინი არასდროს მიმართავდნენ მსგავს აქტივობებს? გავიხსენოთ ჯერ კიდევ ჩემი თაობის ყბადაღებული „თავისუფალი თემა“. სათაურის მიხედვით მოსწავლეს დამოუკიდებლად უნდა აეგო ტექსტი, რომელშიც გამოამჟღავნებდა სათანადო ლიტერატურული მასალის მოძიების, დალაგების, დამოუკიდებელი მსჯელობის უნარს. პრეზენტაციაც, რა თქმა უნდა, თავისთავად იგულისხმებოდა. თუმცა მაშინ იმდენი დამხმარე რესურსი პრეზენტაციისათვის არ არსებობდა. სხვათა შორის მსგავსი ტიპის დავალება მისაღებ გამოცდებზეც მოდიოდა და მათი შეფასების კრიტერიუმიც საკმაოდ მკაცრი იყო. აქ აბიტურიენტის მიერ შექმნილ ტექსტში აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო მასალის (როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო) ფლობის, მისი კრიტიკული გააზრებისა და დასკვნების დამოუკიდებლად გაკეთების უნარი.
ან გავიხსენოთ ისეთი დავალებები, რომლებსაც დღეს დაწყებითი კლასებიდან იყენებენ ჩვენი პედაგოგები: შეადგინე მოთხრობა სურათების მიხედვით, დაასათაურე თითოეული სურათი და დაალაგე ისინი თანმიმდევრობით, შემდეგ ამ სურათების მიხედვით ააგე ტექსტი, მისწერე წერილი ლიტერატურულ გმირს, ააგე ტექსტი დასაწყისის/დასასრულის მიხედვით, დაასურათე მოცემული ტექსტი...
ჯერ კიდევ 1925 წელს სახალხო განათლების კომისარიატის მიერ გამოიცა პლაკატები და მეთოდური რეკომენდაციები „სახელწოდებით „წერა-კითხვის სწავლება პლაკატებით - ძირითადი დებულებანი“. ეს კრებული ფაქტიურად წარმოადგენს იმ სიახლეების განხილვას, რაც განათლების მაშინდელმა რეფორმამ მოიტანა და დანერგა სკოლაში. პირველად აქ ვხვდებით ტერმინებს „ახალი სკოლა“, კომპლექსური დავალებები, პროექტებით სწავლება, თემა/ქვეთემა... „ახალი სკოლის“ პრინციპების ძიებასთან დაკავშირებით მოხდა ცვლილებები სწავლების სისტემასა და მეთოდებშიც. შემოღებულ იქნა ე.წ. სწავლების კომპლექსური სისტემა, რომელიც ყველა საგნის სწავლებას ერთ თემას - „ბუნებას, შრომასა და საზოგადოებას“ - უკავშირებდა. კომპლექსურმა სისტემამ განსაზღვრა ჯერ ანბანის სახელმძღვანელოთა არსებობა/არარსებობა, ცოტა მოგვიანებით კი - საანბანო წიგნების აგების საკითხი.
რაც შეეხება ე.წ. „კომპლექსურ დავალებებს“ წერა-კითხვის შესწავლის პროცესში - აი, რას წერენ ამის შესახებ მაშინდელი რეფორმატორები: „კომპლექსურ პროგრამებში წერა-კითხვის სწავლება ბუნებრივად შეირწყმება ჩვეულებრივ მასალასთან... მაგალითად, შემოდგომაზე (თემა) ვამუშავებთ ქვეთემას „მუშაობა ბაღში“ და ამ ქვეთემაში უნდა გავაცნოთ ღ და შ. მუშაობა სკოლის ბაღში გადაგვაქვს; თუ ასეთი არა გვაქვს, ვახდენთ ექსკურსიას ბაღში, სადაც მუშაობენ, ხილს კრეფენ. ბავშვები აკვირდებიან, მუშაობაში მონაწილეობას იღებენ, აგროვებენ სხვადასხვა ხილს და მოაქვთ სკოლაში. ხატავენ და ძერწავენ ბაღს, ვაშლს, კომშს... ბავშვების წინ მოვათავსებთ ბაღის სურათს, ქვემოთ მივაკრავთ პლაკატს დიდრონი ასოებით დაბეჭდილს - ბაღი. ბავშვები პლაკატს კითხულობენ, აკვირდებიან ასო ღ-ს, ადარებენ ლ-სა და დ-ს, წერენ, ჭრიან, ძერწავენ ახალ ასოს...“ .
ანუ კომპლექსურ დავალებებს, პროექტებით სწავლებას, ახალი სკოლის მოდელს, ინტეგრირებულ სწავლებას, დიორამებს... სულ ცოტა 100 წლის ისტორია აქვს. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მესამე თაობის ე ს გ-მ და „ახალი სკოლის მოდელმა“ ეს ყველაფერი თვითმიზნად აქცია, აქცია მასწავლებლისა და მშობლების თავისტკივილად. მასწავლებლებისა და უკვე მშობლების მთელი ძალისხმევაც ამ კომპლექსური დავალებებისა და ე.წ. დიორამების შექმნისაკენ არის მიმართული. ყოველივე ამას დიდი დრო სჭირდება? ვეღარ მოვასწრებთ კითხვისა და წერის უნარების განვითარებას? ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მთავარი კომპლექსური დავალებაა.
და საერთოდაც ვიკითხოთ, როგორ ხდება დღეს პედაგოგის შეფასება? პირველ რიგში იმით, როგორი პორტფოლიო აქვს, რამდენი კომპლექსური დავალებაა მასში შეტანილი, რამდენი სილაბუსია, რამდენი მატრიცაა, როგორ არის შედგენილი ეს სილაბუსები და მატრიცები... უკანა პლანზეა გადასული პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა, ცოცხალი გაკვეთილი, რომელსაც ვერანაირი მატრიცა ვერ ასახავს და ვერ დაიტევს. მასწავლებელს გაკვეთილის ჩასატარებლად აღარ სცალია. მოკლედ ვიტყვი: ამდენი ქაღალდომანია არ ახსოვს განათლების სისტემას. პედაგოგი, პროფესორი ფასდება მხოლოდ სილაბუსებითა და მატრიცებით (ქაღალდებით) და არა პრაქტიკულ საქმიანობით. ადრე თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებოდით რეპეტიტორების განცხადებებს აბიტურიენტებისა და მოსწავლეების მომზადების შესახებ, ახლა შეგიძლიათ იხილოთ: პედაგოგებისათვის დავწერ და მოვამზადებ მატრიცებს, სილაბუსებს, დავეხმარები პედაგოგს პორტფოლიოს შედგენაში...
აუცილებლად მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა მატრიცების შესახებ. გაკვეთილის სცენარი (თუ გეგმა-კონსპექტი, როგორც მას ადრე უწოდებდნენ) გახლდათ პედაგოგის დამხმარე რესურსი გაკვეთილის ჩასატარებლად, განსაკუთრებით ეხმარებოდა იგი ახალბედა პედაგოგებს. რა დანიშნულება აქვს მატრიცას, რატომ ჩანაცვლდა გაკვეთილის სცენარები მატრიცებით, რამდენად ეხმარება იგი პედაგოგს, ჩემთვის ეს გაურკვეველია. ეს გახლავთ სიახლე სიახლისათვის და არა სკოლისა და სწავლა/სწავლების საჭიროებისათვის შექმნილი დოკუმენტი.
ხშირად ვიმეორებთ ტერმინს „შედეგზე ორიენტირებული სწავლებაო“. ჩვენი მუშაობის შედეგი გახლავთ მოსწავლე, სტუდენტი და არა პორტფოლიო და სილაბუს-მატრიცები.
საერთოდაც განათლების დღევანდელმა რეფორმატორებმა, სანამ რაიმე სიახლეს გადმოიტანდნენ ოკეანის გაღმიდან, იქნებ ქართულ პედაგოგიკასაც გადაავლონ ხანდახან თვალი. მაშინ დარწმუნდებიან, რომ ძალიან ხშირად მათ მიერ შემოთავაზებული სიახლე და ინოვაცია კარგად დავიწყებული ძველია.