ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება - თალიბანი უმძიმეს შეზღუდვებს აწესებს
გასულ კვირას თალიბანმა ავღანეთში ახალი კანონები მიიღო, რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს "სათნოების ხელშეწყობას და მანკიერების აღმოფხვრას". სხვა საკითხებთან ერთად, ამიერიდან ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ ხმამაღლა ლაპარაკი და სახლის გარეთ საკუთარი სახის ჩვენება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაგმო ახალი ე.წ. მანკიერებისა და სათნოების შეზღუდვები და შეშფოთება გამოთქვა მათი მიღების გამო.
კანონი თალიბანის უზენაესმა ლიდერმა ჰაიბათულა ახუნძადამ დაამტკიცა.
მორალის სამინისტრომ, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტრო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში არავინ არ არის თავისუფალი ამ კანონებისგან.
კანონის ნაკრები Mohtasabeen-ს (თალიბანის ზნეობის პოლიცია) საშუალებას აძლევს ჩაერიოს ავღანელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში - დაწყებული იმით, თუ რა აცვიათ და როგორ ჩნდებიან საჯარო ადგილებში, რას ჭამენ და სვამენ მოქალაქეები.
ახალ შეზღუდვებში ნათქვამია: "როდესაც ზრდასრული ქალი ტოვებს სახლს აუცილებლობის გამო, მან უნდა დამალოს ხმა, სახე და სხეული“.
სამინისტრო უკვე ახორციელებს მსგავს მორალურ მოთხოვნებს შარიათის კანონებზე დაყრდნობით და ამბობს, რომ ათასობით ადამიანი დააკავა მათი შეუსრულებლობისთვის. თალიბების თქმით, წესები შეესაბამება შარიათის კანონების მათეულ ინტერპრეტაციას და აღასრულებს მორალის სამინისტრო. ისინი ეფუძნება 2022 წელს თალიბანის უზენაესი ლიდერის მიერ გამოცემულ ბრძანებულებას და ახლა ოფიციალურად გამოქვეყნდა კანონის სახით.
რას ამბობს კანონი ქალებზე?
კანონში ნათქვამია, რომ ქალებმა უნდა დაიფარონ მთელი სხეული, მათ შორის სახე, "რათა არ აცდუნონ კაცები და მანკიერებაში არ ჩააგდონ “:
ქალებმა ასევე არ უნდა იმღერონ და ხმამაღლა არ უნდა ისაუბრონ, ისე, რომ მათი ხმა ქუჩამდე აღწევდეს, მაშინაც კი, როცა საკუთარ სახლში არიან.
ქალის ტანსაცმელი არ უნდა იყოს თხელი, მოკლე ან მჭიდრო.
ქალებმა უნდა დამალონ თავიანთი სხეული და სახე კაცებისგან, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით ნათესავები არ არიან.
კაცებს ეკრძალებათ ქალის სხეულისა და სახის ყურება, ქალებს ასევე ეკრძალებათ კაცისთვის შეხედვა.
ახალი შეზღუდვები აქვთ კაცებსაც
მორალის ახალი კანონები გარკვეულ შეზღუდვებს კაცებზეც აწესებს. ახლა მათ მოეთხოვებათ სხეული ჭიპიდან მუხლამდე დაიფარონ, როდესაც ისინი სახლის გარეთ არიან, რადგან სხეულის ეს ნაწილები აკრძალულად ითვლება.
კაცებს ასევე ეკრძალებათ ისეთი ვარცხნილობის ტარება, რომელიც არ შეესაბამება შარიათის კანონებს.
თალიბებმა რამდენიმე პროვინციაში აკრძალეს წვერის გაპარსვა და შეჭრა. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეესაბამება შარიათის კანონებს. ახალი წესების მიხედვით. ზნეობის კანონი ასევე უკრძალავს მამაკაცებს ჰალსტუხის ტარებას.
ვინ არიან მოჰტასაბინები?
მოჰტასაბინები პასუხისმგებელნი არიან ამ კანონის აღსრულებაზე და მოქმედებენ ყველა პროვინციაში. ისინი სამართალდამრღვევებსაც კი აკავებენ.
ახალი კანონის მიღებით, მათი უფლებამოსილება კიდევ უფრო გაიზარდა და სრული მხარდაჭერა აქვთ თალიბანის ლიდერის მხრიდან. მათ შეუძლიათ აუკრძალონ ქალებს სიმღერა, აიძულონ ისინი, გათიშონ სახლში მუსიკა. კაცებს აიძულონ შეიჭრან თმა, თუ ის არ შეესაბამება ვარცხნილობის ახალ სტანდარტებს.
კაცებსა და ქალებს ეკრძალებათ მანქანაში გვერდიგვერდ ჯდომა.
ცოცხალი არსებებისთვის ფოტოების გადაღება აკრძალულია.
ახალი კანონი ასევე კრძალავს ცოცხალი არსებებისთვის სურათების გადაღებას, შენახვას ან გამოქვეყნებას. ფრინველების, ცხოველების ან ოჯახის წევრების სურათებიც კი აკრძალულია.
ახალი წესით, აკრძალულია ცოცხალი არსებების ფიგურების ყიდვა-გაყიდვაც.
კანონი ზნეობრივ პოლიციას ავალდებულებს, აღკვეთოს მაგნიტოფონების, რადიოს ბოროტად გამოყენება და შარიათის კანონმდებლობით ცოდვად მიჩნეული მუსიკის დაკვრა. ასევე აკრძალულია ცოცხალი არსებების სურათებისა და ფილმების წარმოება და ყურება.
რა ემუქრებათ კანონდამრღვევებს?
კანონში ნათქვამია, რომ თუ პირი ღიად ჩაიდენს აკრძალულ ქმედებას, მას დაეკისრება მთელი რიგი სასჯელი, დაწყებული "ღვთიური შურისძიებით“, ჯარიმით და სამ დღემდე თავისუფლების აღკვეთით.
კანონის მიღებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია.
როზა ოტუნბაევა, გაეროს დამხმარე მისიის ხელმძღვანელია ავღანეთში. მისი თქმით, "ამდენწლიანი ომის შემდეგ და საშინელი ჰუმანიტარული კრიზისის შუაგულში, ავღანელი ხალხი ბევრად მეტს იმსახურებს, ვიდრე მუქარა ან ციხეა“.
ახალი წესები ჯერ სრულად არ ამოქმედებულა
თალიბანის მთავრობამ ჩამოაყალიბა თეოკრატიული წესი და არ აპირებს უარი თქვას მორალის კანონის ოფიციალურად აღსრულებაზე, მაგრამ ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის ქაბულში, კანონის აღსრულება არ ხდება. მორალის სამინისტროს წყარომ BBC-ის პუშტუნურ სამსახურს განუცხადა, რომ დეპარტამენტი მუშაობს ახალი დებულებების განხორციელების ჩარჩოზე.
წყაროს ცნობით, ამ სტრუქტურის დასრულებისას კანონის გამოყენება უფრო მკაფიოდ დარეგულირდება. თუმცა, კანონის მუხლების უმეტესობა უკვე გამოიყენება ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში.
სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამთავრობო ორგანოა ავღანეთში. ნათქვამია, რომ მორალის პოლიციამ გასული წლის განმავლობაში შარიათის კანონების შეუსრულებლობის გამო 13000-ზე მეტი ადამიანი დროებით დააკავა.