თეგებით ძიება

არ დარეგისტრირების შემთხვევაში ორგანიზაციები ჯარიმდებიან, მაგრამ საქმიანობას გააგრძელებენ, სანამ აღნიშნული ჯარიმების გადახდას შეძლებენ - თამარ ტყეშელაშვილი

რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციები ჩვეულებრივად განაგრძობენ საქმიანობას და მათ არ ეკისრებათ არანაირი ფინანსური სანქციები. არ დარეგისტრირების შემთხვევაში ისინი ჯარიმდებიან, მაგრამ საქმიანობას მაინც განაგრძობენ იმ პერიოდამდე, სანამ აღნიშნული ჯარიმების გადახდას შეძლებენ. შემდეგ შესაძლებელია სულ სხვა რეჟიმი ჩაირთოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა კითხვაზე, ორგანიზაციები არ დარეგისტრირების შემთხვევაში მიიღებენ თუ არა დაფინანსებას.

მისივე თქმით, რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციებს საფრთხე არ ემუქრებათ და მათი საქმიანობა არ შეფერხდება.

„კანონის შესრულება არავითარ ზიანსა და საფრთხეს ორგანიზაციებისთვის არ წარმოშობს. ხოლო ისინი, ვინც არ დარეგისტრირდებიან, პირველ რიგში, საკუთარ ორგანიზაციას აყენებენ ზიანს, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირები.

არ ვიცი, დონორთანაც ამ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ალბათ, ახსნიან ან ვერ ახსნიან - ამ დეტალებში მე ვერ შევალ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი უნდა დარეგისტრირდნენ, ხოლო თუ არ დარეგისტრირდებიან, აქ უკვე ირთვება სხვა მექანიზმი, რასაც ჰქვია მონიტორინგის მექანიზმი და შესაბამისი შემოწმების შედეგად ისინი მოექცევიან მაინც ამ რეესტრში. ხოლო რაც შეეხება მათ საქმიანობას, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო მათ საქმიანობას არანაირად არ უზღუდავს“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით მათ შესაბამისი განცხადებით 469 ააიპ-მ მიმართა. „დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის“, - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა