ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას - ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას - შალვა პაპუაშვილი
„ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ქართული ოცნების" წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას, რომელიც წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის მიერ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საჯარო განცხადებების მიუხედავად, რომ დონორებს გამოეჩინათ სიფრთხილე და გამიჯვნოდნენ ზიზღის და ძალადობის კამპანიას უშედეგო აღმოჩნდა. მისი თქმით, ტრაგედია უკვე მოხდა და ამას ვეღარაფერი გამოასწორებს.
„ვიზიარებ ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის ოჯახის მწუხარებას. თანაზიარი ვარ მათი განცდების და ფიქრების.
ხელის გულზე იდო, რომ ნაცმოძრაობის და ენჯეოების მიერ ზიზღის და სიძულვილის ჯერ ნორმალიზება, შემდეგ კი საქებარ საქმედ ქცევა, აუცილებლად მიგვიყვანდა ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე. ამიტომ ვაფრთხილებდი დონორებს, ყოფილიყვნენ მკაცრი მათ მიერ დაფინანსებული ენჯეოების მიმართ. ამიტომ ვითხოვდი მათგან დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ ამ ზიზღის და ძალადობის კამპანიას.
ვეუბნებოდი პირად შეხვედრებზე - შედეგი ნული. ვაცხადებდი საჯაროდ - შედეგი ნული. ყველაფერი გაატარეს - "მე ვესროლე" კამპანიაც, შუბლში 84 ტყვიის დაპირებაც, სატელეფონო ტერორიც, ოჯახის წევრების ბულინგიც, მონების ძახილი და შემდეგ სოცქსელებში ამით კეკლუცობაც. აბსოლუტურად ყველაფერი. ტრაგედია მოხდა და ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებს“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.