აუცილებელია რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ომის დასასრულებლად - ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ომის დასასრულებლად.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:
რა თქმა უნდა, აუცილებელია! საუბარია კომუნიკაციაზე. თუ კომუნიკაცია არ არის, ომი უფრო და უფრო უარესდება.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროპაში ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა, ივლისში მოულოდნელად ესტუმრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში და მოუწოდა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დააჩქაროს სამშვიდობო მოლაპარაკებები მოსკოვთან.
გარდა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმისა, კიევში ორბანის მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსაც შეეხო.
ორბანმა განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გაუმჯობესდეს ბუდაპეშტისა და კიევის ურთიერთობები.
„გვინდა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გავაუმჯობესოთ. გვინდა, ფართო ორმხრივი შეთანხმება გავაფორმოთ უკრაინასთან, - ისეთი, როგორიც წარსულში უკვე გვქონია. და მოხარულნი ვიქნებით, თუ უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციაში მივიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ორბანმა კიევში.