თეგებით ძიება

50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებისა და სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოების შესაძლებლობას - კობახიძე

8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს, გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, თუმცა ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ, 2024 წლისთვის თითქმის 28 მლრდ ლარამდე გავზარდეთ ბიუჯეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი  50 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

„მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდას მიჰყვება ქვეყნის ბიუჯეტის ზრდა და პირდაპირპროპორციულად, როგორც იზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა, ასევე იზრდებოდა ქვეყნის ბიუჯეტიც. 8.5 მლრდ ლარი იყო ქვეყნის ბიუჯეტი 2012 წელს. როგორც ხედავთ, აქაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა. ჩვენ შევძელით და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ გავზარდეთ ბიუჯეტი - 2024 წლისთვის უკვე თითქმის 28 მლრდ ლარამდე. აქაც, გამომდინარე ეკონომიკური ზრდის პროგნოზიდან, გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანა, 50 მლრდ ლარს გადააჭარბებს 2028 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს ბევრად მეტი პროექტის განხორციელებას, სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის გაფართოებას და ა.შ.,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 2012 წელს 26.7 % იყო უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ახლა კი ეს მონაცემები განახევრებულია და დღეის მდგომარეობით 13.7 %-ს შეადგენს.

„რაც შეეხება უმუშევრობას, საინტერესო მონაცემებია - ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ იზრდება ეკონომიკა, მაგრამ ეს არ აისახება მოსახლეობაზე, მთელი ეკონომიკა მიდის 20-25 ოჯახის ჯიბეში, ეს არის ის მესიჯი, რომელიც ძალიან უყვარს ოპოზიციას. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკა არ არის ნაღდი ფული, რომელიც შეიძლება ვინმემ სახლში წაიღოს, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს, რომ იზრდება მომსახურება, იზრდება პროდუქცია, რომლის გამოშვებაც ხდება ქვეყანაში და ამაში უამრავი ადამიანია ჩართული. ამის დასტურია ის მონაცემები, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ - უმუშევრობის კუთხით გვქონდა უმძიმესი მდგომარეობა 2012 წელს. 26.7 % იყო უმუშევრობა ქვეყანაში. აქ ჩვენ მოვახერხეთ და, დღევანდელი მდგომარეობით, გავანახევრეთ უმუშევრობა 2012 წლის შემდეგ. 13.7 % არის უმუშევრობა, დღეის მონაცემებით. ამოცანა გვაქვს ძალიან ამბიციური და ამავდროულად რეალისტური, 4 %-მდე უმუშევრობის შემცირება, ეს არის ჩვენი ამოცანა. 4 % არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. საშუალო ევროპული მაჩვენებელი, უმუშევრობის კუთხით არის 6%. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 6%-იან მაჩვენებლზე დაბლა განვსაზღვროთ უმუშევრობა ქვეყანაში,  ეს არის აბსოლუტურად რეალისტური ჩვენი პროგრამიდან და გეგმებიდან გამომდინარე. რაც შეეხება დასაქმებას, ამ კუთხითაც გვქონდა ანალოგიური პროგრესი. 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული 2021 წელს და მხოლოდ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში, 170 000-ით გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში. შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამ ტემპის შენარჩუნების პირობებში, რაც აუცილებლად ასე იქნება, შეგვიძლია, თამამად გავცეთ დაპირება, რომ 2028 წლისთვის 200 000 სამუშაო ადგილი, მინიმუმ, დაემატება ჩვენს ქვეყანას,“- განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა