„ჩემი სახელით აკეთებენ გვერდებს... ვითომ რაღაც საჩუქრებს ვარიგებ" - ახალი თაღლითური სქემა ცნობილი ადამიანების სახელით
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თაღლითები ქმნიან ყალბ გვერდებს ცნობილი ადამიანების სახელებითა და გვარებით, აწყობენ ვითომ გათამაშებებს, რა დროსაც თაღლითურად ეუფლებიან ადამიანების პირად მონაცემებს, მათ შორის, საბანკო მონაცემებს.
აღნიშნულ თემას ეხმიანებიან ის ადამიანები, რომელთა სახელებსაც თაღლითები იყენებენ.
გივიკო დიდია:
"ვიღაცები ჩემი სახელით აკეთებენ გვერდებს და ცდილობენ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, ითხოვენ პირად მონაცემებს და ისე ჩანს, რომ ვითომ რაღაც საჩუქრებს ვარიგებ. არავის დაუჯეროთ, არ ენდოთ. მგონი იცით კარგად, რომელია ჩემი ბლოგი და გეხვეწებით, შეცდომაში არ შეხვიდეთ"
კახა მამულაშვილი ("მამულიჩა"):
გაუსაძლისი გახდა ეს გათამაშებები. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რას ათამაშებთ, რა გათამაშებებია. ხუთი წლის წინანდელი ლაივია დადებული და აძლევენ თავიანთ მონაცემებს
ამგვარი თაღლითობის მსხვერპლი არაერთი ცნობილი ადამიანი გახდა. კიბერ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ლაშა პატარაია ურჩევს მომხმარებლებს, რომ დაიცვან პლასტიკური ბარათები
"მთავარი რჩევა იქნება ის, რომ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ორი პლასტიკური ბარათი, ან ერთი ძირითადი ანგარიში და მხოლოდ მაშინ გადარიცხონ მასზე თანხა და მაშინ იქონიონ თანხა, როდესაც სჭირდებათ ტრანზაქციის განხორციელება, იმ მოცულობით, რა თანხაც სჭირდებათ ტრანზაქციისთვის. ასევე კარგი იქნება თუ გამოიყენებენ საბანკო ბარათების დაზღვევას", - კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.