დაანგრევენ თუ არა საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსებს? - გაიგეთ დეტალური ინფორმაცია
თბილისში მრავალი ასეული კორპუსია, რომელიც საბჭოთა დროს აშენდა. საბჭოთა სამშენებლო ისტორია შეგვიძლია ორად გავყოთ: სტალინური (1930-1950-იანები) და სტალინის შემდგომი მოდერნისტული (1950-1980-იანები). პირველ ეტაპზე წამყვანი მიმდინარეობა სოციალისტური კლასიციზმი იყო, შენობები 3-5 სართულისაგან და დიდი საცხოვრებელი სივრცეებისგან შედგებოდა.
სტალინური პროექტის 5 სართულიანი საცხოვრებელი შენობა ვაკეში (აშენდა 1940-იან წლებში)
1950-იანი წლების ბოლოდან იწყება მასობრივი სოციალური მშენებლობები, რომლის მიზანია მოქალაქეების ბინით დაკმაყოფილება. წინასწარ ჩამოსხმული ბეტონის ასაწყობი პანელებით, სწრაფად და იაფად შენდებოდა ე.წ. "ხრუშჩოვკები". საცხოვრებელი ფართები ძალიან მცირე იყო, კორპუსები ვერ უძლებდნენ კრიტიკას. 1960-იან წლებში ამ სერიის კორპუსებით გაშენდა ახალი მასივები: საბურთალო, დიღომი, ვარკეთილის მასივი.
ვაჟას კვარტლების მშენებლობა საბურთალოზე (1960-იანი წლები)
დროთა განმავლობაში დაიხვეწა სამშენებლო სტანდარტები, თუმცა ბრეჟნევის პერიოდშიც კორპუსები ასაწყობი კონსტრუქციებით - პანელებით, მსხვილი ბლოკებისა და პანელურ-კარკასული ტიპით შენდებოდა. კარგად არ იყო გათვლილი შენობათა სეისმომედეგობა, თბილისის გრუნტის თავისებურებები. 1990 წლამდე დედაქალაქში აშენებული შენობების უმეტესობა 7 ბალზეა გათვლილი (მაქსიმალური გამძლეობა 6 მაგნიტუდა). საბჭოთა მშენებლობის კოლაფსი 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრამაც გამოავლინა, როდესაც სომხეთის ქალაქები პირწმინდათ დაინგრა.
განადგურებული სომხური ქალაქი 1988 წელს, 6.7 მაგნიტუდის სიმძლვრის მიწისძვრის შედეგად.
ხრუშჩოვის ტიპის კორპუსები თავდაპირველად 25 წლიანი საექსპლუტაციო ვადით აშენდა, 1980-იან წლებში კომუნიზმი უნდა დამდგარიყო და ახალი საბჭოთა კოშკები უნდა აშენებულიყო, თუმცა ისტორია სხვაგვარად განვითარდა. ექსპლუტაციის ვადა 50 წლამდე გაიზარდა, თუმცა დღეს ეს დროც გავიდა. თბილისური ხრუშჩოვკები 55-65 წლისაა. 70-იანი წლების 8-16 სართულიან კორპუსებს ვადა დაახლოებით 80-100 წელი აქვთ და დიდმა ნაწილმა უკვე ამ ვადის ნახევარი განვლო. კორპუსები ამორტიზებულია და საფრთხის შემცველი. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კორპუსები უნდა ჩანაცვლდეს ან დაინგრეს.
2019 წელს, თბილისის მერმა კახი კალაძემ, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების გეგმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ასეთი პროექტი ვარკეთილის მესამე მასივში განხორციელდებოდა - დაინგრეოდა, მთლიანი კვარტალი და აშენდებოდა სრულად ახალი უბანი. მართლაც, ვარკეთილის მასივში უმძიმესი მდგომარეობაა. უბნის ძირითადად განაშენიანება მოხდა აგურის, მსხვილი ბლოკისა და პანელური ხრუშჩოვკებით, შორეულ სამოციან წლებში. ამ შენობების უდიდესი ნაწილი, უკვე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და ფაქტობრივად დასანგრევია.
პოსტ-საბჭოთა ბევრს ქვეყანაში კი მოხდა ძველი შენობების რენოვაცია და განახლება, რომელიც დიდ ხარჯებთანა არის დაკავშირებული. ფაქტია თბილისისთვის დიდი გამოწვევაა საბჭოთა კორპუსები, რომელიც უსაფრთხროების პრობლების გარდა, ურბანულ ესთეტიკასაც ამახინჯებს.
ჯერჯერობით, მთავრობას არ აქვს მასშტაბური პროგრამა, რომელიც შენობების ახლით ჩანაცვლებას, რენოვაციას ან მათ დაანგრევას შეეხება. ამ მიმართულებით მუნციპალურ ხელისუფლებასაც არ აქვს მწყობრი გეგმები.