თეგებით ძიება

„უსამშობლო ადამიანები“ - ერები, რომლებსაც მდიდარი კულტურისა და ისტორიის მიუხედავად, საკუთარი სახელმწიფო არ აქვთ

მსოფლიოში არსებობენ დიდი ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც მდიდარი კულტურისა და ისტორიის მიუხედავად, საკუთარი სახელმწიფო არ აქვთ და ამ სიაში პირველები ქურთები არიან. 

1. ქურთები

ქურთები ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო არ აქვს. მათი რაოდენობა დიასპორების ჩათვლით, 20-დან 40 მილიონამდე მერყეობს. ისინი ძირითადად მუსლიმები არიან, მაგრამ არა არაბული წარმოშობის. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ქურთების ეთნიკური წარმოშობა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხებს უკავშირდება. 

ქურთისტანი თვითაღიარებული რეგიონია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ცენტრში მდებარეობს და მეზობელ სახელმწიფოებს შორის მუდმივი კონფლიქტის ასპარეზია. ისტორიაში  შედარებით სიმშვიდის პერიოდებიც იყო, მაგალითად, VII–IX საუკუნეებში, როდესაც არაბებთან თანაბარი უფლებები ჰქონდათ, თუმცა, ქურთებს საკუთარი სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათ. 

მიდიის უძველესი მეომრების შთამომავლები, საუკუნეების მანძილზე, იარაღით ხელში იბრძოდნენ თუნდაც ავტონომიის უფლებისთვის, თუმცა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ქურთებისთვის დათმობა არც ირანს, არც ერაყს, არც სირიას და არც თურქეთს უნდა.  

2. ბასკები

ისინი უძველესი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ევროპაში ინდოევროპელების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდნენ. ბასკებს საკუთარი სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათ და მუდმივად სხვადასხვა იმპერიებს ემორჩილებოდნენ.

დღეს ბასკების ტერიტორია ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. მათ ორმოცი წლის წინ შეზღუდული ავტონომიისა და ადრე აკრძალული ენის გამოყენების უფლება მოიპოვეს. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ენაა მსოფლიოში. დიდი ხანია არსებობს აზრი, რომ ბასკები იბერიულ-კავკასიურ ერებს, კერძოდ კი  ქართველებს ენათესავებიან. 

3. ბერბერები

ეს უძველესი და უაღრესად საინტერესო ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მაროკოდან ლიბიამდე, მთელ საჰარაში გაბნეულია. მიუხედავად იმისა, რომ ეთნოსური ჯგუფი 35 მილიონამდე ადამიანისგან შედგება, ბერბერებს საკუთარი სახელმწიფო ან ავტონომია არ აქვთ და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში მომთაბარეობენ. 

4. ასურელები 

ისინი ბრინჯაოს ხანის სემიტი მეომრების შთამომავლები არიან. უნიკალური და ოდესღაც მეომარი ხალხი ისტორიაში ერთ-ერთი პირველია, ვინც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად მიიღო, თუმცა დღეს 3,3 მილიონ ასურელს საკუთარი ავტონომიაც კი არ აქვს. ასურელები გაძევებულნი არიან ისტორიული სამშობლოდან, რომელიც თანამედროვე სირიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის შესაყარზე მდებარეობს.

ასურელები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი და საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაბრუნების იმედიც კი არ აქვთ.

5. საამები

ეს ჩრდილოეთ ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ეთნიკური ჯგუფია, რომელიც 85 000-დან 130 000 -მდე ადამიანს მოიცავს. საამები უკიდურესად მშვიდობიანი ხალხია, რომელიც ირმების მოშენებას მისდევენ. გარეგნულად ისინი ევროპული და მონღოლოიდური რასების ნარევს წარმოადგენენ. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტური დასახლების ადგილებში მშობლიურ ენაზე საუბრობენ, საამელებს რეალური ავტონომია და სახელმწიფოებრიობა არ აქვთ.

6. ნავაჰო

ეს ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უძველესი და მრავალრიცხოვანი ხალხია, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. დღეს ნავაჰოს ხალხის რაოდენობა 300 000-ს არ აღემატება. ისინი არიზონას, იუტას, კოლორადოსა და ნიუ-მექსიკოს კლდოვან რეზერვაციებში, სახელმწიფოებრიობის ყოველგვარი უფლებისა და იმედის გარეშე ცხოვრობენ. 

7. ბოშები 

ბოშები უნიკალური კულტურის და ისტორიის ხალხია, თუმცა საკუთარი სახელმწიფოს ან თუნდაც ავტონომიის შექმნის განსაკუთრებული სურვილი არ აქვთ. მათ მომთაბარე სულს ერთ ადგილზე, მოწესრიგებული ცხოვრება სძულს და ისტორიულ სამშობლოში - ჩრდილოეთ ინდოეთში დაბრუნებაზე საერთოდ არ ფიქრობს.

ბოშები უნიკალური მაგალითია ხალხისა, რომელსაც სახელმწიფოებრიობა არ აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს. 

8. არაუკანელები (მაპუჩე)

არაუკანელები ორივე ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ინდიელი ხალხია (2 მილიონზე მეტი). ამ ხალხმა დამოუკიდებლობის შენარჩუნება მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე შეძლო, სანამ მათ ტერიტორიას არგენტინა და ჩილე გაინაწილებდა. დღეს არაუკანელები ამ ქვეყნებში ყოველგვარი ავტონომიის გარეშე ცხოვრობენ და მოსახლეობის ყველაზე  ღარიბ და ჩაგრულ ფენას წარმოადგენენ. 

ბოლო დროს, ჩილეს ხელისუფლებამ მაპუჩეს ხალხის მიმართ წარმოებული პოლიტიკის გადახედვა დაიწყო, მაგრამ მაპუჩეს ამაყ ხალხს მათგან მხოლოდ ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება სურს და ნაკლებზე არ თანხმდება. 

9. სიქჰები

სიქჰები ჩრდილოეთ ინდოეთის მკვიდრები, წარმოშობით პენჯაბელები არიან, რომლებმაც მე-17 საუკუნეში საკუთარი რწმენა - სიქიზმი შექმნეს და ამის გამო, თავს განსაკუთრებულ ეთნიკურ ჯგუფად მიიჩნევენ.

XIX საუკუნის დასაწყისში სიქჰებმა ინდოეთის ტერიტორიის ნახევარზე იმპერიის ჩამოყალიბება მოახერხეს, თუმცა, ახლა ავტონომიაც კი არ აქვთ მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ - არმიაში სიქჰებს თანამდებობების 20% უკავიათ იმ დროს, როცა რაოდენობრივად ქვეყნის მთელი მოსახლეობის 2%–ზე ნაკლებს შეადგენენ.

სიქჰები ინდოეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ხალისტანის შექმნაზე ოცნებობენ. ამ მიზეზით, ისინი პერიოდულად ტერაქტებს აწყობენ, რომელსაც  ინდოეთის პრემიერ-მინისტრებიც კი ეწირებიან. ინდირა განდის მიერ 1984 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩაეტარებინა წმენდა სიქჰების წმინდა „ოქროს ტაძარში“ გამოიწვია ის, რომ პრემიერ–მინისტრი მისივე დაცვის სიქჰმა თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შედეგად სიქჰების წინააღმდეგ მთელი ინდოეთის ტერიტორიაზე რამდენიმე დარბევა მოხდა და ათასობით სიქჰის სიცოცხლე შეიწირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა