თეგებით ძიება

სექს წვეულებები, ტრეფიკინგისა და რეკეტის ბრალდება – რა ხდება puff diddy-ის ირგვლივ

16 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკული ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, პროდიუსერი და რეპერი შონ კომბსი (იგივე Puff Daddy, P.Diddy, Diddy, Diddy - Dirty Money) დააკავეს. მუსიკოსს სექს ტრეფიკინგი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და რეკეტი ედება ბრალად. 

ადვოკატებმა რეპერის $50 მილიონის ოდენობის გირაოთი გამოყვანა სცადეს, თუმცა 18 სექტემბერს სასამართლომ შუამავლობა არ დააკმაყოფილა და კომბსი ბრუკლინის წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს.

ვინ არის შონ კომბსი?

54 წლის შონ კომბსი მუსიკალური მაგნატი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერია. Puff Daddy თავისი მეგობრის და ჰიპ-ჰოპის ლეგენდის, Notorious B.I.G.-ის პროდიუსერი იყო. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს გრემის სამი პრემია, თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან მერაია ქერი, მერი ჯი ბლაიჯი, აშერი. მუსიკის გარდა ქმნიდა პროექტებს მოდის, ტელევიზიისა და ალკოჰოლის სფეროში. 

რაში სდებენ ბრალს Puff Daddy-ს?

პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა. 

გარდა ამისა, პროკურორების მტკიცებით რეპერი წვეულებებზე გადაღებული ვიდეოებს მანიპულაციისთვის და შანტაჟისთვის იყენებდა. 14-გვერდიანი ფედერალური ბრალდების თანახმად, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულები იყვნენ Diddy-ს ბიზნესის წარმომადგენლები, დაცვის წევრები, პირადი ასისტენტები და სხვა ადამიანები. აღნიშნულია, რომ რეპერი და მისი თანამზრახველები 16 წლის განმავლობაში არღვევდნენ კანონს.

Freak off წვეულებებს კომბსის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ცენტრალურ ადგილი უკავია. სასამართლოს მასალების თანახმად, ეს ღონისძიებები წინასწარ დეტალურად იგეგმებოდა და ორგანიზებაში ათობით რეპერის კომპანიის თანამშრომლები იყო ჩართული. წვეულების დასრულების შემდეგ P.Diddy-ს პერსონალი დანაშაულის კვალს აქრობდა: სასტუმროს ოთახების დალაგება, როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ წვეულებების მონაწილე ქალებს ხშირად სექსს აძალებდნენ. 

Puff Daddy წვეულებების მეფის ტიტულს ატარებდა. მის ღონისძიებებზე მოხვედრას ცდილობდა ყველა. მუსიკალური ბიზნესისა და ჰოლივუდის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა პროდიუსერთან დისტანცირებას ცდილობენ, წვეულებების ხშირი სტუმრები იყვნენ. მათ შორის ისეთი ვარსკვლავებიც კი, როგორებიც არიან ლეონარდო დიკაპრიო, ჯეი ზი, ბიონსე, მერაია ქერი, ჯენიფრ ლოპესი, მეგან ფოქსი, კელი ოზბორნი, ჯასტინ ბიბერი.

ამ ეტაპზე არ არის ინფორმაცია, იმის შესახებ, ხდებოდა თუ არა სექსუალური ძალადობა სხვა ვარსკვლავების თანდასწრებით.

სკანდალები დაპატიმრებამდე

კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მაგრამ ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, საჩივრის შეტანიდან მეორე დღეს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა ვენტურას საქმე ამით არ დასრულებულა.

ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ქალმა კომბსი სექს-ტრეფიკინგსა და ჯგუფურ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჰიპ-ჰოპ მაგნატმა ბრალდებებს სოციალურ ქსელებში უპასუხა, მან ყველა ბრალდება უარყო და მომჩივან ქალებს ფულის გამოძალვის მცდელობა დააბრალა. 

2024 წლის ლოს-ანჯელესის პოლიციამ P.Diddy-ს სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცავებმა ნარკოტიკები და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს, რომელსაც სერიული ნომრები ჰქონდა წაშლილი. 

2024 წლის მაისში კომბსი ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ქსელში 2016 წლის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც პროდიუსერი იმ დროინდელ მეგობარ ქალს, კესი ვენტურას ფიზიკურად უსწორდება. დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად, ვიდეო სწორედ Freak off წვეულების შემდეგ არის გადაღებული. რეპერმა ვიდეოსთვის ბოდიში მოიხადა და მას მიუღებელი უწოდა.

კომბსი ყველა ბრალდებას უარყოფს. ფედერალური სასამართლო Diddy-ს საქმეს უახლოეს თვეებში განიხილავს. პროკურატურის თქმით, ფოტო და ვიდეო სამხილები რაოდენობიდან გამომდინარე, პროცესი ხანგრძლივი იქნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერს მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო: NY Times, BBC, Sky News, Instagram


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა