თუ საჭიროა რომ მოვკვდე ამ დღეებში, მზად ვარ რომ მოვკვდე – ალეკო ელისაშვილი
თუ საჭიროა, რომ მოვკვდე ამ დღეებში, მზად ვარ, რომ მოვკვდე, სულ რომ ცემაში სული ამომხადონ, ენაცვალოს ჩემი თავი საქართველოს - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარ აქციაზე განაცხადა.
"ასიათასჯერ ჩემზე მაგარი ხალხი უძღვებოდა აქ მიტინგს. ორი ულვაშიანი კაცი იყო, მათ ხსოვნას ვენაცვალე - მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. ეს რუსები გვეუბნებიან, რომ მათი ბრძოლა, რასაც სიცოცხლე შესწირა ორივემ, თურმე ამაო ყოფილა, რომ თურმე ისევ რუსეთში უნდა წაგვათრიონ, მაგრამ - ვერ.
არც პარლამენტის წევრად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, არც პოლიტიკოსად დავბადებულვარ და არც მასე ვაპირებ სიკვდილს, მაგრამ მე დავიბადე ქართველად და ვაპირებ, რომ მოვკვდე ქართველად.
მჯერა, ზემოთ რომ ავალ, გიორგი ანწუხელიძე რომ დამხვდება, შინდისის გმირი ალეკო ონიანი რომ დამხვდება, ჩვენი მაგარი წინაპრები რომ დამხვდებიან, მინდა თავდახრილი არ ავიდე და არ შევხედო თვალებში.
მეც მეშინია, რა თქმა უნდა, არც მე ვარ დარწმუნებული ბოლომდე, მაგრამ ენაცვალოს საქართველოს ჩემი სიცოცხლე. თუ საჭიროა, რომ მოვკვდე ამ დღეებში, მზად ვარ, რომ მოვკვდე, სულ რომ ცემაში სული ამომხადონ, ენაცვალოს ჩემი თავი საქართველოს - თქვა ელისაშვილმა.