„ოთხი არასწორი წარმოდგენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში“ - რომან გოცირიძე
ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ოთხი არასწორი წარმოდგენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც გავრცელებულია ოპოზიციურ საზოგადოებაში.
1. მცდარი მოლოდინების ტყვეობაში ყოფნა.“ვარდების რევოლუციის” ანალოგის ძებნა პოლიტიკური პროტესტებისას. თუ ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რევოლუციით უნდა დამთავრდეს. ამ ილუზიების შექმნას ოპოზიციის ერთმა ნაწილმაც შეუწყო ხელი. ახლა მის შედეგებს იმკის.
2. “თეთრ რაშზე” ამხედრებული, ერთი გამოკვეთლი ქარიზმატული ლიდერის აუცილებლობა წარმატების მისაღწევად ანუ მოთხოვნა ბელადზე.ბევრი ლიდერი თურმე ცუდია, რადგან განსხვავებული აზრები გააჩნიათ, რაც ხელს უშლის საქმის ორგანიზებას. ჯოგის წინამძღოლის (ყოჩის) მოდელზე აგებული მენეჯმენტისადმი თაყვანისცემა.მესიანიზმი ქართულ პოლიტიკური ცხოვრებისათვის სულაც არაა უცხო ხილი.
3. როცა შედეგები არ დგება, საჭიროა ძველი პარტიების ახლებით ჩანაცვლება.მორიგი გულუბრყვილო წარმოდგენა პოლიტიკური ცხოვრების ბუნებაზე. პარტიებისა და თუნდაც ლიდერების წარმოშობას სჭირდება წლები, ხშირ შემთხვევაში ერთ ან ორ ათეულ წელზე მეტი, სჭირდება შესაბამისი გარემო, საჭიროა ობიექტური “საბაზრო” “მოთხოვნა”, რომელიც “მიწოდებას” წარმოშობს. შეკვეთით “ახალი სახეები” არ იჩეკებიან.
4. ხალხის (ამომრჩევლის) კრიტიკა ტაბუირებულია. ხალხის ბრალი არ ყოფილა, რომ იყიდება ან უპრინციპოდ იქცევა. ხალხზე ( განსაკუთრებით მის გაჭივრებულ ნაწილზე) პასუხისმგებლობის თუნდაც ნაწილობრივი დაკისრება არასწორია. ოპოზიციის ბრალია, რომ ვერ შეძლო მისი დარწმუნება და სწორ გზაზე დაყენება და ასე შემდეგ.კიდევ ბევრი, სხვა მცდარი შეხედულებების ჩამოთვლა შეიძლება.ოპოზიციას თავისი ცოდვებიც ეყოფა, ყველაფერი მას რომ არ ავკიდოთ.ოპიზიციის შეცდომების განხილივის დროც მოვა. ახლა, ცხელ გულზე, ამაზე საუბარი ობიექტური ვერ იქნება. პოლიტიკური მომენტი ან ზედმეტად ლოიალურს გხდის, ან ზედმეტად კრიტიკულს. დროსაც შერჩევა უნდა. პრიორიტეტი ამ წუთას სხვაა.“