"ამ ნაბიჯს გადავდგამთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ, არსად არ გვეჩქარება" - "გახარია საქართველოსთვის" სიის ჩახსნაზე
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ის თუ როდის და რა ფორმით ჩახსნის მისი პარტია მანდატებს მათი გადასაწყვეტია და არსად არ ეჩქარებათ.
"ჩვენ ვთქვით და ვიმეორებთ კიდევ ერთხელ რა ფორმით და როდის გადავწყვეტთ ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს არის ჩვენი პოლიტიკური სტრატეგიის და ტაქტიკის ნაწილი. ეს არავის, არც "ქართული ოცნების" და მითუმეტეს სხვა რომელიმე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, ან "ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტი ეს არ არის, ამიტომ ამ ნაბიჯს გადავდგამთ მაშინ, როცა ჩავთვლით საჭიროდ. ეს სამართლებრივი ნაბიჯები, იქნება ცესკოდან სიების ჩახსნა, თუ ინდივიდუალურად დაწერა განაცხადის მანდატის შეჩერებაზე, ეს ხომ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საჭირო კონკრეტული მერე სამართლებრივი პროცედურაა, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას როგორ და რა ფორმით მივიღებთ, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და არავისი სხვისი. კიდევ ერთხელ, ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია და როდის და რა ფორმით შევწყვეტთ ჩვენი გადასაწყვეტია, ამიტომ არსად არ გვეჩქარება ჩვენ," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით ცესკოს ამ დროისთვის მხოლოდ "კოალიცია ცვლილებისთვის" მიმართა. ინდივიდუალურად კი პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართა გიორგი ვაშაძემ. საპარლამენტო სიის ჩახსნის მოთხოვნით, ცესკოს ოფიციალურად დღეს მიმართავს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს" - მათი გადაწყვეტილებაც დღეს, დაახლოებით 13 საათისთვის გახდება ცნობილი.