თეგებით ძიება

როდის იყენებენ ნელადექსის წვეთებს?

ნელადექსის სახელით სამი სხვადასხვა მედიკამენტი შეგხვდებათ ბაზარზე - ესაა თვალის მალამო, ცხვირის სპრეი და წვეთები თვალისა თუ ყურისთვის. არცერთი მათგანის შესაძენად საქართველოში რეცეპტის ქონა არ არის საჭირო.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა წვეთებია - მას მრავალმხრივი ჩვენება აქვს. ნელადექსის მთავარი აქტიური ნივთიერებები დექსამეტაზონი, პოლიმიქსინი და ნეომიცინია. წვეთებში, მალამოსა და სპრეის შემადგენლობაში მათი რაოდენობა განსხვავებული შეიძლება იყოს.

რისთვის გამოიყენება ნელადექსის წვეთები?

ნელადექსის წვეთები ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოა. მის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია, გავესაუბროთ მკურნალ ექიმს და სწორედ მან განსაზღვროს, რამდენად გვჭირდება ამა თუ იმ ფორმით ნელადექსის გამოყენება.

ზოგადად კი ნელადექსის წვეთები გამოიყენება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა: ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიდოციკლიტი (თვალის დაავადებები) და მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები, ან სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები (ყურის პრობლემები). 

თუკი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, პრეპარატი შეიძლება, გამოვიყენოთ პოსტოპერაციულ პერიოდში თვალის წინა სეგმენტის ანთებითი პროცესების პროფილაქტიკის მიზნითაც.

რა სიხშირით იღებენ ნელადექსის წვეთებს?

ნებისმიერი მედიკამენტის მიღების სიხშირე ექიმმა უნდა განსაზღვროს - იმის მიხედვით, რამდენად სერიოზულია პრობლემა.

ერთი და იმავე დაავადების შემთხვევაშიც კი, ინდივიდუალური სიმპტომებისა და პრობლემების გამო, შესაძლოა, ორ ადამიანს განსხვავებული რაოდენობით წამლის მიღება სჭირდებოდეს. 

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვითმკურნალობის ნაცვლად ნელადექსის წვეთები ექიმის დანიშნულებით გამოვიყენოთ.

მედიკამენტის გვერდითი მოვლენები

ნელადექსის გამოყენებისას, სხვა წამლების მსგავსად, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და გარკვეულ სიმპტომებს დავაკვირდეთ. შეიძლება მედიკამენტმა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

თვალისა და ყურის წვეთებმა, შეიძლება, ალერგია (ქავილი, შეშუპება, თვალის შეწითლება) გამოიწვიოს. ეს რეაქციები, როგორც წესი, დაკავშირებულია დექსამეტაზონთან და წვეთებში შემავალ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებთან.

თუკი პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობიარე ხართ, შეიძლება, თვალის მალამომაც გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. მსგავსი უკუჩვენება გამორიცხული არ არის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ნელადექსის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მატება და სუბკაფსულური კატარაქტა. თუკი აღგენიშნებათ რომელიმე დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მიმართეთ ექიმს, რათა ჩაგიტარდეთ შესაბამისი გამოკვლევები.

იშვიათ შემთხვევაში ნელადექსის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შეფერხება ან მეორადი ინფექციები - თუმცა, მსგავსი შემთხვევები ძალზედ იშვიათია. 

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს - სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის წარმართვის შესახებ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა