როგორია პარაცეტამოლის გამოყენების წესები ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში
პარაცეტამოლი სიცხის დამწევი საშუალებაა, რომელიც, ალბათ, ყოველ ჩვენგანს გამოუყენებია. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ტემპერატურის დროს პირველი სწორედ პარაცეტამოლი გვახსენდება, გარკვეულ შემთხვევებში მეტი სიფრთხილე გვმართებს.
სააფთიაქო ქსელებში პარაცეტამოლი გვხვდება როგორც ტაბლეტების და სუსპენზიის (სიროფის), ისე ე.წ. სანთლების (სამედიცინო ენაზე სუპოზიტორია) სახით. მედიკამენტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა 500მგ-იანი ტაბლეტებია.
პარაცეტამოლის მიღების ზოგადი წესები
ეს სიცხისდამწევი საშუალება აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. მაგრამ, ამის გამო არ უნდა ვიფიქროთ, რომ მის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია არაა საჭირო.
სხვადასხვა ფორმაში პარაცეტამოლის განსხვავებული მოხმარების წესი შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, პაციენტების ჩვენების მიხედვით, ყოველთვის უმჯობესია ექიმმა დანიშნოს საჭირო ფორმა. ასე, მაგალითად, სიროფი შედარებით დაბალი დოზისაა და, როგორც წესი, პატარებში ინიშნება ხოლმე. ყველაზე გავრცელებული 500მგ-იანი ტაბლეტი კი 12 წლამდე ბავშვებში არ გამოიყენება.
ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ კიდევ ერთ გარემოებას — როდის უნდა დავლიოთ პარაცეტამოლი? იმის მიხედვით, თუ როგორია ავადობა და მისი მიმდინარეობა, ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია და დანამდვილებით ვიცოდეთ, შეიძლება თუ არა პარაცეტამოლის მიღება.
დავალევინოთ თუ არა პარაცეტამოლი ბავშვებს?
მედიკამენტი ბავშვებისთვის გვხვდება სამივე ფორმაში: ტაბლეტები, სუსპენზია და სანთლები.
თუმცა, პარაცეტამოლის მიცემა ნებისმიერ შემთხვევაში და ყველა ბავშვისთვის არ შეიძლება. დავალევინოთ თუ არა პატარას წამალი, ან რა ფორმითაა უმჯობესი მკურნალობა — ამაზე კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მაინც გაიარეთ და დარმწუნდით, რომ ბავშვს წონისა და ასაკის შესაბამის დოზას აძლევთ. ამავდროულად, გამორიცხეთ ღვიძლისა თუ თირკმლის პრობლემებიც.
ყურადღებითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ, თუკი პატარას სხვა მედიკამენტიც აქვს დანიშნული. სხვა ავადობის მკურნალობის პარალელურად პარაცეტამოლის გამოყენებამდე აუცილებლად უნდა ვკითხოთ აზრი მკურნალ ექიმსაც, რათა გამოვრიცხოთ წამლების ნეგატიური ურთიერთქმედება.
გამოიყენება თუ არა პარაცეტამოლი ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებში?
ორსულობა და ლაქტაცია სენსიტიური პერიოდებია, როცა ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმის დაკვირვებითა და კონსულტაციით უნდა მოხდეს.
ექიმები კი პარაცეტამოლზე გვირჩევენ, რომ პრეპარატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, თუკი დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე მოსალოდნელ უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.
ორსულობისას პარაცეტამოლის მიღებისას შესაძლოა, არსებობდეს, განსაკუთრებული შემთხვევები - ძალიან მაღალი სიცხე, აუტანელი ტკივილი და ნებისმიერი სხვა ჩვენება, რასაც ექიმი ჩათვლის შესაბამის მდგომარეობად.
ასეთ დროს ორსულმა შეიძლება მიიღოს პარაცეტამოლის ძალიან პატარა დოზა, რაც ტკივილს შეამცირებს, ან სიცხის დამწევად იმუშავებს. ზოგადად კი პარაცეტამოლის გამოყენება ორსულობის პირველ სამ თვეში დაშვებული არ არის.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება სადღეღამისო დოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის საგულდაგულოდ დაცვის შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. პარაცეტამოლს აქვს უნარი, მოხვდეს დედის რძეში - სწორედ ამიტომ, მისი სპეციალისტის ზედამხედველობის გარეშე მიღება მიზანშეწონილი არ არის.