"ტრამპის ადმინისტრაცია ანადგურებს სამთავრობო სამსახურებს ამ ქვეყანაში“ - ამერიკაში საპროტესტო აქციები გაიმართა (ვიდეო)
5 აპრილს აშშ-ში და რამდენიმე ევროპულ ქალაქში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა.
საპროტესტო აქციები სახელწოდებით "ხელები შორს!" აშშ-ში, დაახლოებით 1.400 ლოკაციაზე გაიმართა. მათ შორის, ფედერალურ შენობებთან, კონგრესის ოფისებთან, კაპიტოლიუმებთან, პარკებთან და მერიების მიმდებარე ტერიტორიებთან. ამერიკის პარალელურად, პროტესტები გაიმართა ბერლინში, პარიზში, ლონდონში, ფრანკფურტსა და ლისაბონში.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებები, რომლებსაც ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება და ბიუჯეტის შემცირება მოჰყვა.
ზოგიერთ აქციაში მონაწილეობა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონგრესმენებმა მიიღეს. მაგალითად, დემოკრატმა ჯეიმი რასკინმა ვაშინგტონში გამართულ მიტინგზე ტრამპის პოლიტიკა იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის ქმედებებს შეადარა.
"ქვეყნის დამფუძნებლებმა დაწერეს კონსტიტუცია, რომელიც სიტყვებით "ჩვენ დიქტატორები" არ იწყება. პრეამბულაში ნათქვამია - "ჩვენ ხალხი". არავის სურს ხელისუფლებაში ეკონომიკის დამღუპველი დიქტატორი ნახოს, რომელმაც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არაფერს აფასებს“, - თქვა კონგრესმენმა.
"ტრამპის ადმინისტრაცია მთლიანად ანადგურებს სამთავრობო სამსახურებს ამ ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა უფრო ეფექტურია. ეს უბრალოდ სასაცილოა. ეს სასტიკი ხუმრობაა. ისინი ზუსტად საპირისპიროს აკეთებენ", - თქვა ფედერალური თანამშრომელთა ეროვნული ფედერაციის (NFFE) პრეზიდენტმა რენდი ერვინმა.
ლოს-ანჯელესში მომიტინგეები მერიისკენ გაემართნენ სკანდირებით „ძალა ხალხს“ და ლოზუნგებით „ხელები შორს განათლებას“ და „წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა“.
ბერლინში აქციის მონაწილეებმა პროტესტი ილონ მასკის წინააღმდეგ Tesla-ს შოურუმთან გამართეს. "გაჩუმდი ილონ, შენ არავის აურჩევიხარ!" - ეწერა დემონსტრანტების პლაკატებზე.
დემონსტრანტებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
1. დასრულდეს მილიარდერთა ბატონობა და ტრამპის ადმინისტრაციაში არსებული კორუფცია.
2. შეწყდეს ფედერალური დაფინანსების შემცირება ისეთი პროგრამებისთვის, როგორიცაა Medicaid, სოციალური უზრუნველყოფა და სხვა სოციალური პროგრამებისთვის.
3. დასრულდეს თავდასხმები მიგრანტებზე, ტრანს ადამიანებსა და სხვა დაუცველ თემებზე.
მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპმა სამთავრობო ინსტიტუტების რეორგანიზაციისთვის მასშტაბური პროგრამა დაიწყო. სწორედ ამ დროს გაჩნდა საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობდა. მასკის მიერ საბიუჯეტო ხარჯების შემცირების მიზნით განხორციელებული რეფორმების ფარგლებში, სხვადასხვა ფედერალური სტრუქტურების დაახლოებით 75 ათასი თანამშრომელი უკვე გაათავისუფლეს.
ყველაზე მეტად შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) დაზარალდა, ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი პროგრამების 83% შეამცირა და ორგანიზაციის პერსონალი მთლიანად დაშალა.
რეფორმები შეეხო განათლების სისტემასაც - ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ს განათლების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ და მისი ფუნქციები სახელმწიფო დონეზე გადაიტანა. ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი რობერტ კენედი უმცროსის ხელმძღვანელობით, საკუთარ რესტრუქტურიზაციას ამზადებს, რამაც შეიძლება დაახლოებით 10 ათასი თანამშრომლის გათავისუფლება გამოიწვიოს.
ამავდროულად, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიოში ისევ განხილვის თემაა. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 2 აპრილს წარადგინა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა და აშშ-ში უცხო სახელმწიფოებიდან იმპორტზე, სულ მცირე, 10%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სატარიფო განაკვეთი 50%-საც კი აღწევს.
მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფების უარყოფით შედეგებზე წუხილი გამოთქვეს. "პრეზიდენტ ტრამპის მიერ მთელი მსოფლიოსთვის დაწესებული ტარიფები, მათ შორის ევროკავშირისთვის დიდი დარტყმაა მსოფლიო ეკონომიკისთვის", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.