მეტროს გაფართოების პერსპექტივა - თბილისის მერიის ახალი გეგმა
თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროპოლიტენის ახალი - მესამე ხაზის დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და მშენებლობის შესყიდვის თაობაზე ბაზრის კვლევას ატარებს.
ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, რომ მესამე ხაზის ცენტრალური ნაწილი მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და საბურთალოს და ვაკის გავლით მეტროსადგურ რუსთაველს დაუკავშირდება.
„მესამე ხაზის დანიშნულება იქნება „სადგურის მოედნის“, როგორც ერთადერთი მეტროპოლიტენის არსებულ ხაზებს შორის გადასაჯდომი სადგურის განტვირთვა და მეტროპოლიტენით დედაქალაქის უფრო მეტი უბნების მომსახურება, რისთვისაც მეტროსადგურებზე: „დიდუბე“, „რუსთაველი“ და „სამედიცინო უნივერსიტეტი“ უნდა მოეწყოს მესამე ხაზზე გადასასვლელი ინფრასტრუქტურა.
მესამე ხაზს მატარებლების შემადგენლობით მოემსახურება ელ. დეპო „ნაძალადევი“, რისთვისაც პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე ხაზიდან მეორე (,,სადგურის მოედანი 2’’ - ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი’’) ხაზზე გადასვლის შესაძლებლობა, საიდანაც მოძრავი შემადგენლობა შეძლებს გადასვლას ,,ელ. დეპო ნაძალადევში’’ (,,წერეთელი’’ - ,,ელ. დეპოს’’ დამაკავშირებელი გვირაბის საშუალებით).
ასევე საპროექტო მეტროსადგურებზე „დიდუბე 2“ და „რუსთაველი 2“ უნდა მოეწყოს სამანევრო ჩიხები“, - ვკითხულობთ დოკუმენტებში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მესამე ხაზის საორიენტაციო სიგრძე 8.5 კმ იქნება, სადგურების რაოდენობა კი 7, კერძოდ ესენია:
- დიდუბე 2;
- გამოფენა;
- სამედიცინო უნივერსიტეტი 2;
- ცენტრალური პარკი;
- ვაკის პარკი;
- ვაკე;
- რუსთაველი 2.
ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტის განხორციელების/დასრულების საორიენტაციო ჯამური ვადა 7 წელს შეადგენს. დოკუმენტის სახით, 2025 წელი პროექტისთვის ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის. ამასთანავე, მომდევნო წლებში დამკვეთი შემდეგი მოცულობის თანხის გადახდას გეგმავს:
- 2026 წელი: არაუმეტეს 40 მლნ აშშ დოლარი;
- 2027 წელი: არაუმეტეს 70 მლნ აშშ დოლარი;
- 2028 წელი: არაუმეტეს 70 მლნ აშშ დოლარი.
რა ღირს და რაზეა დამოკიდებული მეტროს სადგურების მშენებლობა?
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მეტროსადგურის მშენებლობის ხარჯი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ღირებულების გამოსათვლელად ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს. ამ ფაქტორებს შორისაა შერჩეული ადგილის გეოლოგიური მდგომარეობა. კლდოვან მასივი გვირაბის გაყვანის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს, ხოლო სადგურების მიწის ზედაპირზე მოწყობა შედარებით უფრო იაფი ჯდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სადგურის დიზაინი, ტექნოლოგიები, ავტომატიზაციის სისტემა და ა. შ.
უცხოური მედიის მონაცემებით, მაგალითისთვის, ნიუ-იორკში Second Avenue Subway პროექტის ღირებულებამ, 4 სადგურისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო სადგურზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 2023 წლის მონაცემებით, ეს ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად მიიჩნევა და როგორც მაშინ Bloomberg-ი წერდა, მისი ფასი იტალიის, სტამბოლის, შვედეთის, პარიზის, ბერლინისა თუ ესპანეთის მეტროსადგურების მშენებლობის ღირებულებას 8-12-ჯერ აღემატება.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მიწისზედა სადგურების მოწყობის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარიდან იწყება. ყველაზე ძვირადღირებული ღრმა გვირაბების მშენებლობაა, რომელიც, დაახლოებით, 500 მილიონიდან და 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.