„დრაკონის კარი“ - რატომ აშენებენ ჰონგკონგში ცათამბჯენებს ღიობებით?
ჰონგკონგი მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ცათამბჯენებითა და თანამედროვე არქიტექტურით, თუმცა მის ურბანულ ლანდშაფტში განსაკუთრებულად თვალშისაცემია ცათამბჯენები, რომლებსაც ფასადზე ღიობები აქვთ. ერთი შეხედვით, ეს ღიობები შეიძლება დიზაინერის ორიგინალურ გადაწყვეტილებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ღრმა დატვირთვა აქვთ. ამ სტატიაში განვიხილავთ რატომ ხდება მსგავსი დიზაინი სულ უფრო პოპულარული არა მხოლოდ ჰონგკონგში, არამედ მთელ მსოფლიოში.
1. ტურისტების ვარაუდები
ჰონგკონგის ხვრელებიან ცათამბჯენებთან დაკავშირებით ტურისტების ვარაუდები საკმაოდ მრავალფეროვანია. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ღიობები სავენტილაციო ფუნქციას ასრულებენ ანუ ჰაერის მოძრაობას ეხმარებიან და შენობის გადახურებას ამცირებენ. ზოგი დარწმუნებულია, რომ ღიობები ძლიერი ქარების დროს, შენობას მეტ მდგრადობას ანიჭებენ. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ღიობები სიმბოლური დატვირთვისაა და ფენ-შუის ფილოსოფიას უკავშირდება. ასეა თუ ისე, მსგავსი ვარაუდები ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს და ჰონგკონგის განსაკუთრებული იერის ჩამოყალიბებას ეხმარება.
2. ლეგენდები
ჩინური ლეგენდების თანახმად, ცათამბჯენების ღიობები „დრაკონის კარიბჭეებია“, რომლებიც ქალაქში მოძრაობენ და მას ბოროტი სულებისა და უბედურებისგან იცავენ.
მეორე ვერსიით, ეს ღიობები შექმნილია ჰაერის თავისუფალი მოძრაობისთვის, რაც დადებითად მოქმედებს შენობის ენერგეტიკასა და მაცხოვრებელთა კეთილდღეობაზე. იმის მიუხედავად რამდენად ახლოსაა ლეგენდა ჭეშმარიტებასთან, ის ჰონგკონგის არქიტექტურას განსაკუთრებულ ხიბლს და მისტიკურობას სძენს.
3. და მაინც, ფენ-შუი?
ჰონგკონგში ფენ-შუისადმი რწმენა ჯერ კიდევ ძლიერია! ასე, რომ ცათამბჯენების უჩვეულო დიზაინი ხშირად ფენ-შუის ჩინურ სწავლებას უკავშირდება. ამ სწავლების თანახმად, შენობაში არსებული ღიობი ხელს უწყობს ენერგიის ჰარმონიულ მოძრაობას, რაც თავის მხრივ, მატერიალურ კეთილდღეობას და სულიერ ბალანსს უზრუნველყოფს, ამიტომ ბევრი დეველოპერი ჰონგკონგში მუშაობისას სწორედ ფენ-შუის პრინციპებს ეფუძნება. ღიობების დამატებით ისინი ცდილობენ, როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე მთელი გარემოსთვის ხელსაყრელი და ენერგიულად მდგრადი სივრცე შექმნან.
4. სტიქიისგან დაცვა
ჰონგკონგის ცათამბჯენების ღიობები მხოლოდ ესთეტიკური ეფექტისთვის არ შექმნილა — მათ სერიოზული ტექნიკური და პრაქტიკული დატვირთვაც აქვთ. ცათამბჯენებში არსებული ღიობების საშუალებით ჰაერის ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ეძლევა, რაც შენობებზე ატმოსფერულ წნევას ამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი ქარების დროს, რაც რეგიონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.
ღიობების წყალობით შენობის შიდა და გარეთა წნევა ერთმანეთს აბალანსებს, რაც ძლიერი ქარების დროს შენობის დაზიანების რისკს ამცირებს.
5. ზღაპრები თუ ტრადიციებისადმი პატივისცემა?
ერთი შეხედვით, ჰონგკონგის ცათამბჯენებს მხოლოდ თანამედროვე დიზაინის ახირებაა, თუმცა მათ უკან ბევრად ღრმა აზრი — ტრადიციების პატივისცემა და ძველი ლეგენდების თანამედროვე არქიტექტურაში გაცოცხლება იმალება.
ჰონკონგელებს სწამთ, რომ შენობაში არსებული ღიობი დრაკონისთვის გაღებული კარია, რომელიც ქალაქს ბოროტი ძალებისგან იცავს. შესაბამისად, ასეთი ცათამბჯენები მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის ნიმუშები კი არაა, ძველსა და ახალს შორის გადებული ცოცხალი ხიდი და ურბანული ზღაპარია, რომელიც ჰონგკონგის არქიტექტურას უნიკალურობას ანიჭებს.