რატომ უყვარდათ სსრკ-ში შენობების მოზაიკით გაფორმება?
მოზაიკა მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც წვრილი ფერადი ქვების, მინის, ბროლის ან სხვა მასალისაგან იქმნება. მოზაიკა დეკორირების არც თუ ისე მარტივი და იაფი ხერხია, მით უმეტეს როცა საქმე დიდ ზედაპირებს, მაგალითად, შენობის ფასადს ეხება, თუმცა სსრკ-ში ამ მხატვრული ტექნიკის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ. საბჭოთა კავშირში მოზაიკური პანოებით ამკობდნენ ადმინისტრაციული, საცხოვრებელი, სამრეწველო შენობებისა და ზოგჯერ ავტობუსის გაჩერებების კედლებსაც. რით აიხსნება მოზაიკით ასეთი უჩვეულო გატაცება?
შენობების მოზაიკით მასობრივად გაფორმება გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად, მოზაიკით მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებს აფორმებდნენ, შემდეგ მოზაიკური პანოების საცხოვრებელ კორპუსებზე დატანაც დაიწყეს. თემატიკა მრავალფეროვანი გახლდათ — ღიმილიანი ოქტომბრელები და პიონერები, დაკუნთული მეფოლადეები და მეშახტეები...
ეს მხოლოდ ესთეტიკური გადაწყვეტა არ იყო — მოზაიკა მნიშვნელოვან აგიტაციურ როლს ასრულებდა. ფერადი პანოების საშუალებით ადიდებდნენ სწავლას, შრომას, სამხედრო დამსახურებებს, სპორტულ და სამეცნიერო მიღწევებს. მოზაიკურ კომპოზიციებს მოქალაქეებში სოციალისტური სამშობლოს სიყვარული უნდა ჩაენერგა, თუმცა, პროპაგანდის გარდა, მოზაიკას პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა.
რატომ გადაწყვეტეს შენობების კედლების მოზაიკით გაფორმება?
რევოლუციამდელ პერიოდში ყველა შენობა აგურით შენდებოდა. ამასთან, საცხოვრებელ სახლებს ნაკლებად ხარისხიანი აგურით აშენდებდნენ, ხოლო თეატრებს და მდიდრების სახლებს მოჭიქული აგურით. ასეთი აგურის ზედაპირი სპეციალური მინით იყო დაფარული. ის ლამაზიც იყო, სითბოსაც უკეთ ინარჩუნებდა, სისველესაც აკავებდა და არც ტემპერატურული რყევები აშინებდა.
60-იანი წლების „ხრუშჩოვკები“ და 70-იანი წლების „ბრეჟნევკები“მიმზიდველობით არ გამოირჩეოდნენ. ისინი მთლიანად ეკონომიურობასა და პრაქტიკულობაზე იყვნენ ორიენტირებული. მათი უსახური ფასადები და მოსაწყენი, ნაცრისფერი კედლები ქალაქების იერსახეს აფუჭებდნენ. სწორედ მაშინ საბჭოთა არქიტექტორებმა უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, შენობების მოზაიკით გალამაზება გადაწყვიტეს.
საქართველოში მოზაიკის ბუმი 60-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც სხვაგან ისე ჩვენს ქვეყანაში მოზაიკა უმეტესწილად, პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად განიხილებოდა. საბჭოთა პერიოდის მოზაიკებს ძირითადად, ავტობუსის გაჩერებებზე, ქალაქებისა და სოფლების შესასვლელებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქარხნების ფასადებზე ნახავდით.
მოზაიკის როლი
მოზაიკა მხოლოდ მორთულობა არ იყო — კედლებზე სპეციალური ხსნარით მყარად დამაგრებული მოზაიკა შენობის დამატებით თბოიზოლაციას უზრუნველყოფდა, რაც კუთხის ბინებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
მოზაიკით დაფარული კედელი ისევე, როგორც ძვირადღირებული მოჭიქული აგური სითბოს უკეთ ინარჩუნებდა. გარდა ამისა, კედლებს ხშირი შეკეთება აღარ სჭირდებოდა. შუშის მოზაიკა უკიდურესად გამძლე იყო. ეს ყველამ იცოდა — დღესაც ბევრ შენობაზე დარჩენილია 60-იანი წლებიდან მოყოლებული მოზაიკები, რომლებიც ისევ მშვენივრად გამოიყურებიან.
როგორ იქმნებოდა მოზაიკური პანო
მოზაიკური პანოს შექმნის პროცესი მარტივი არ იყო. ესკიზების შესაქმნელად საუკეთესო მხატვრებსა და არქიტექტორებს იწვევდნენ. პანოს თემატიკა აუცილებლად თანხვედრაში უნდა ყოფილიყო შენობის დანიშნულებასა და მდებარეობასთან.
მაგალითად, ქარხნის ადმინისტრაციის კედელზე მუშებსა და ინჟინრებს გამოსახავდნენ, სკოლისა და უნივერსიტეტის კედლებზე კი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მეცნიერებს, ატომური ელექტროსადგურის კედელზე მშვიდობიანი ატომის თემას, ხოლო სამხედრო ყაზარმების კედლებზე — სამხედრო მოტივები.
ესკიზები კონკურსზე გადიოდა, სადაც სპეციალური კომისია საუკეთესოს არჩევდა. ფასდებოდა მხატვრული ღირებულება, თემატიკა და, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური დატვირთვა. ამის შემდეგ ესკიზი მხატვრებთან ხვდებოდა, რომლებიც მოზაიკურ პანოებს ქმნიდნენ.
საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში მხატვარი თავს ვერ გაიტანდა თუ 1957 წელს დაარსებულ მხატვართა კავშირს არ შეუერთდებოდა. ამიტომ მას სხვა გზა არ ჰქონდა - საბჭოთა მოქალაქის იდილიური ცხოვრების სურათი უნდა შეექმნა. ვინც სისტემას მოერგო, კარგი ანაზღაურებაც ჰქონდა - იმ დროს, როცა საშუალო ხელფასი დაახლოებით 100 მანეთი იყო, ავტობუსის გაჩერებაზე მოზაიკის შექმნისთვის მხატვარს 1,000 მანეთს უხდიდნენ, ხოლო შენობის მთელი კედლისთვის 6,000 მანეთამდე.
მოზაიკის ეპოქის დასასრული და მემკვიდრეობა
მოზაიკური დეკორის მოდა 80-იანი წლების შუაში დასრულდა, თუმცა ბევრი ნამუშევარი დღემდე შემორჩა და ქალაქების კედლებს ისევ ამშვენებს. ზოგი მათგანი უკვე ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა და მისი დაზიანება კანონის მიხედვით ისჯება.
