მშენებლობა გაძვირდა - რამ გამოიწვია ღირებულების ინდექსის ზრდა?
საქსტატის მიხედვით, 2026 წლის მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.2%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 3.2%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.3%-ით.
როგორც საქსტატი განმარტავს, 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 7.7 %-ანი ზრდით, რამაც 0.94%-ანი წილი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსის 2%-იანი ზრდა უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7 %-იანი მატებით და ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 4.3%-ანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.35 და 0.62 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.