თეგებით ძიება

"შენობების ნაწილს 80-100-წლიანი მდგრადობის ვადა გასდის - მძიმე მდგომარეობაა ვარკეთილის მე-3 მასივში“ - არქიტექტორი

„თბილისში კონკრეტულ რაიონებს შესაძლოა, სეისმური პრობლემა უკვე გაუჩნდეს“, - ამის შესახებ თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე „ბიზნესპრესნიუსთან” აცხადებს.

საუბარია, იმ შენობებზე, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აშენდა და რომელთა სამშენებლო სიმდგრადის ვადა 80-100 წელს შეადგენდა.

მერაბ ბოლქვაძის თქმით, მსგავსი პრობლემის წინაშე უკვე დგას ვარკეთილის მესამე მასივი, სადაც შენობების ნაწილი ან დაინგრა ან ავარიულია და მძიმე მდგომარეობაშია.

„თბილისში 1957-იანი წლებიდან დაიწყო ე.წ. ხრუშჩოვკების მშენებლობა. ეტაპობრივად გაშენდა დიღომი, საბურთალო, გლდანი, ვაჟა-ფშაველას ბოლო კვარტლები, თემქა, მუხიანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი, ფონიჭალა და ა.შ. მთელი ქალაქი 3-4 ტიპის დიზაინით შენდებოდა, რაც ძალიან ცუდ სახეს ტოვებდა - უსახურია ეს განაშენიანება.

ეს უბნები ყველაზე ადრე განაშენიანდა. მათ 80-100 წლიანი სამშენებლო მდგრადობის ვადა ჰქონდა. ამ თვალსაზრისით რაღაც რაიონებს შესაძლოა, უკვე გაუჩნდეს სეისმური პრობლემა. ასეთი რამ უკვე შეინიშნება იქ, სადაც გეოლოგიურად არამდგრადი პირობებია. მაგალითად, განსაკუთრებულად არის საშიშროება ვარკეთილის მესამე მასივში, სადაც ზოგი ე.წ. ხრუშჩოვკა და 8-სართულიანი შენობა უკვე დაინგრა, ზოგი კი ავარიულია და მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჩემთვის ცნობილია, იქ ავარიული შენობების ნაწილის ჩანაცვლება დაიწყო,“ - აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.

როგორც მანვე დასძინა, რაღაც ეტაპზე შესაძლოა, საჭირო გახდეს ვაჟა-ფშაველას ბოლო კვარტლებში მდებარე შენობების ჩანაცვლება. მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა წინასწარ შემუშავდეს კომპლექსური რეკონსტრუქციის გეგმა ყველა პრობლემური არეალისთვის და ქალაქი გამოწვევებს მზად შეხვდეს.

„კონკრეტულ რაიონებს შესაძლოა, სეისმური პრობლემა უკვე გაუჩნდეს“

„მოსალოდნელია, რომ ავარიული შენობების ჩანაცვლების საჭიროება იყოს ვაჟა-ფშაველას ბოლო კვარტლებში ან შემდგომი წლების სხვა მშენებლობებში, რაკიღა მათ 80-100 წლიანი ვადა გასდის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შენობა ერთად გახდება ავარიული და დაინგრევა, მაგრამ ნელ-ნელა მზადება რომ დაიწყოს ქალაქმა და ამ არეალებისთვის წინასწარი პროექტი შემუშავდეს (კომპლექსური რეკონსტრუქცია) კარგი იქნება, რადგან როცა გვექნება მსგავსი ამოცანა, წინასწარ ვიქნებით მზად.

რაც შეეხება ისტორიულ ნაწილს, იქ ცალ-ცალკე შენობას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ, უნდა განვსაზღვროთ, რამდენად ავარიულია ესა თუ ის ისტორიული შენობა, შესაძლებელია თუ არა მისი შენარჩუნება. მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული ნაწილის შემთხვევაში რეკონსტრუქცია ხელოვნებათმცოდნეების ჩართულობით მოხდეს“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ საუბრისას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა