თეგებით ძიება

ზაჰა ჰადიდი - ქალი, რომელიც არქიტექტურის სამყაროს მოცარტი გახდა

1950 წლის 31 ოქტომბერს, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თანამედროვე არქიტექტურის ლეგენდა, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის წევრი და დეკონსტრუქტივისტი არქიტექტორი  — ზაჰა ჰადიდი დაიბადა. თავდაპირველად, მის პროექტებს გიჟურს და არარეალურს უწოდებდნენ, ის 17 წლის მანძილზე, ყველა ტენდერში მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ ის გახდა ქალი, რომელმაც არქიტექტურის სამყარო ძირეულად შეცვალა.

ზაჰა ჰადიდი მდიდარ ერაყულ ოჯახში გაიზარდა. მას ჰიჯაბი არასდროს უტარებია და განათლება კათოლიკური მონასტრის სასწავლებელში მიიღო. სხვათა შორის, მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და მაღალანაზღაურებად მოდელებს — ჯიჯი და ბელა ჰადიდებს ზაჰასთან ნათესაური კავშირი არ აქვთ, თუმცა მათი მამაც სამშენებლო ბიზნესშია.

თავდაპირველად, ზაჰას მათემატიკოსობა სურდა და ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით სწავლობდა, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს გააცნობიერა, რომ ციფრებზე მეტად ფორმები იზიდავდა და მთელი ყურადღება არქიტექტურისკენ გადაიტანა. მალე ზაჰა ლონდონში გაემგზავრა და სახელგანთქმული ნიდერლანდელი არქიტექტორი რემ კულჰასი გაიცნო, რომელმაც გოგონას განსაკუთრებული ნიჭი მაშინვე შენიშნა და მისი მასწავლებელი გახდა.  „ის საკუთარ ორბიტაზე მოძრავი პლანეტაა“ - ამბობდა კულჰასი ზაჰასზე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან ჰადიდი სამუშაოდ როტერდამში, თავის არქიტექტურულ ბიუროში წაიყვანა. სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ზაჰამ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად მუშაობისთვის მზად იყო და ლონდონში დაბრუნდა.

ზაჰას „ქაღალდის არქიტექტორს“ ეძახდნენ და 17 წელი პროექტების განხორციელებაზე უარს ეუბნებოდნენ. 

ზაჰამ, რომელიც არქიტექტურის სამყაროში თავით გადაეშვა, პროფესიონალთა სამსჯავროზე უამრავი პროექტი წარადგინა, თუმცა მუდმივად კრიტიკას აწყდებოდა. უამრავი ინოვაციური იდეის მიუხედავად, 90-იან წლებამდე ჰადიდის ნახაზებით არც  ერთი შენობა არ აშენებულა.

ზაჰას პროექტები საერთაშორისო კონკურსებზე იმარჯვებდნენ, თუმცა ქაღალდზე რჩებოდნენ — პროფესიულ წრეებში ისინი  არარეალურად და ფანტასტიკურად მიაჩნდათ, თუმცა ქალი მუშაობას განაგრძობდა და იმედს არ კარგავდა, რომ არქიტექტურა ოდესმე ასეთ ხედვებსაც მიიღებდა. 

1982 წელს, როგორც იქნა, ზაჰას ბედმა გაუღიმა – ჰონგ-კონგის მთის მწვერვალზე  მისი დაპროექტებული  სპორტული კლუბი დაამტკიცეს,  მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში დამკვეთმა მშენებლობა გააუქმა და პროექტი მხოლოდ ნახაზებად დარჩა.

მანამდე 3 წლით ადრე, 1979 წელს ზაჰამ ლონდონში საკუთარი ოფისი გახსნა, რომელიც 30 წლის შემდეგ ნამდვილ არქიტექტურულ იმპერიად გადაიქცევა. ქალს ყოველი მორიგი მარცხი უფრო აძლიერებდა და თავისი „გიჟური“, მაგრამ მომაჯადოებელი პროექტების შექმნას ჯიუტად აგრძელებდა.

პირველი შენობა ..

ბოლოს და ბოლოს, 1993 წელს, როდესაც ზაჰა 44 წლის იყო, მისი პროექტით პირველი შენობა აშენდა. ეს იყო მცირე ზომის სახლი ავეჯის კომპანია Vitra-ს სახანძრო ნაწილისთვის. იმ დროისთვის შენობის ასეთი ფორმა არქიტექტურაში სიახლე იყო - ირიბად დახრილი ბეტონის ფილები თითქოს უცნაურ ცეკვაში ჩაერთვნენ. ამ პროექტით ყველა დარწმუნდა, რომ ზაჰას სიურეალისტური პროექტები რეალობაში ფუნქციონალურობითაც გამოირჩეოდა.

ამავე წელს ზაჰა ჰადიდის პროექტით კიდევ ერთი შენობა —IBA-ს საცხოვრებელი სახლი აშენდა. ზაჰას ამაში ადგილობრივი ფემინისტური ჯგუფები დაეხმარნენ, რომლებიც გერმანულ არქიტექტურაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის იბრძოდნენ.

ბრალდებები და „ოსკარი“ არქიტექტურის სფეროში

მას შემდეგ, რაც ცინცინატის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, ზაჰას ნამუშევრების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ეს იყო პირველი ამერიკული მუზეუმი, რომელიც ქალმა დააპროექტა. შენობაში ზაჰას ხელწერა იგრძნობა – ერთმანეთზე გადაწვენილი კედლები, მკვეთრი კუთხეები და უჩვეულო ფორმები.

ზაჰა ჰადიდისთვის 2004 წელი ნამდვილ ტრიუმფად იქცა, როცა არქიტექტურის სამყაროს უმაღლესი ჯილდო, პრიცკერის პრემია მოიპოვა. ზაჰა პირველი ქალია, რომელსაც ეს პატივი ერგო. ამის შემდეგ ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მოთხოვნად არქიტექტორად იქცა, თუმცა მალე წარმატება მის წინააღმდეგ შემოტრიალდა — კრიტიკოსებმა უჩვეულო ფორმების სიყვარულსა და შენობების ფუნქციონალურობის უგულებელყოფაში დასდეს ბრალი.  საწყლოსნო სპორტული კომპლექსის აშენების შემდეგ ზოგი მაყურებელი ჩიოდა, რომ უცნაური ჭერის გამო ზედა რიგებიდან აუზი არ ჩანდა.

ზოგმა სპეციალისტმა რომის „21-ე საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი“ გამოფენებისთვის შეუფერებელ ობიექტად გამოაცხადა. მათი აზრით, დიდი ტილოების ირიბ კედლებზე განთავსება შეუძლებელი იყო. 

ყველაფრის მიუხედავად, ზაჰას პროექტები გულგრილს არავის ტოვებდა, ხოლო მისი არქიტექტურული ხელწერა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახდა.

„მრუდის დედოფალი“ 

ქალს, რომელმაც არქიტექტურა გეომეტრიისგან გაათავისუფლა, გამოცემა The Guardian -მა „მრუდის დედოფალი“ შეარქვა. მართლაც, ზაჰა მთელი ცხოვრების მანძილზე სტანდარტული ნორმების დარღვევას და ჩარჩოებიდან გასვლას ცდილობდა. ის  ტრადიციულ გეომეტრიას უარყოფდა და უპირატესობას მრუდე ხაზებს ანიჭებდა. 

ჰადიდი სასურველს თითქმის ყოველთვის აღწევდა და არავის აძლევდა უფლებას, რომ მის სიმართლეში დაეჭვებულიყო. სწორედ ამიტომ, მისი ფანტასტიკური იდეები საბოლოოდ რეალობა ხდებოდა. სხვათა შორის, 1980 წელს შექმნილი ზაჰას ბიურო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პარამეტრიკული დიზაინის მიდგომა აითვისა. ეს მეთოდი უკიდურესად რთული შენობების შექმნის საშუალებას იძლეოდა. 

ზაჰას არქიტექტურული მიდგომა მთლიანად მხატვრული იყო — ის ფუნქციონალიზმსა და რაციონალიზმს უარყოფდა და მთლიანად საკუთარ წარმოსახვას ეყრდნობოდა.

ზაჰა ჰადიდის პროექტები ყოველ წელს უფრო ამბიციურები და ძვირადღირებულები ხდებოდა.. 2000-იან წლებში ქალმა თამამად დაიწყო საკუთარი ამბიციური იდეების განხორციელება. მისი გამომწვევი სტილი უკვე ყველასთვის ცნობილია და მას ბაძავენ კიდეც. ზაჰას შენობები უკვე უბრალოდ სივრცეში განთავსებული ობიექტები აღარ არიან — ისინი ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებად იქცნენ. ზოგი მათგანი ადამიანის თვალისთვის იმდენად უჩვეულოა, რომ ზოგჯერ, კოსმოსური ხომალდივით გამოიყურება. 

ზაჰას ყოველი მომდევნო პროექტი წინაზე მასშტაბური და, რა თქმა უნდა, ძვირადღირებულია. მაგალითად, სეულის დიზაინის ცენტრის Dongdaemun Design Plaza-სა და ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის მშენებლობა ასობით მილიონი დოლარი დაჯდა. ამ დროს მსოფლიო 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა და დანაზოგს ეძებდა. ამ პერიოდში ჰადიდს აბრალებდნენ, რომ მისთვის ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანია, თუმცა არქიტექტურის სუპერვარსკვლავი არავის უსმენდა და დაკვეთებს ასრულებდა. 

ამ პერიოდში შეიქმნა ჰადიდის ისეთი პროექტები, როგორიცაა 40-სართულიანი სასტუმრო მაკაოში, ოპერის თეატრი გუანჯოუში, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების კოშკი და პეკინის Galaxy SOHO-ს კომპლექსი.

„ჩემი შემოქმედება წყალში ჩაშვებულ ყინულს ჰგავს, რომელიც დროთა განმავლობაში ბასრი წახნაგებიდან მომრგვალებულ და ლანდშაფტთან შერწყმულ ფორმებში გადადის. ბუნებაში სწორხაზოვანი ფორმები არაა, როგორ ფიქრობთ, შემოქმედმა არარაციონალურად გამოიყენა სივრცე?“ - ასე დაახასიათა ზაჰამ თავისი პროფესიული გზა კარიერის ბოლოს..

ზაჰას პროექტებით მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდება

ზაჰა ჰადიდი 65 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა მაიამის კლინიკაში, სადაც ბრონქიტს მკურნალობდა. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი პროექტი ნიუ-იორკის საცხოვრებელი სახლი იყო.

ზაჰას მეუღლე და შვილები არასოდეს ჰყოლია, არქიტექტურა მისი ერთადერთი სიყვარული იყო, ამიტომ პროექტებმა ოჯახი შეუცვალა, თუმცა მისი ცხოვრების მთავარი საქმე არ დასრულებულა - მას ჰადიდის პარტნიორი, პატრიკ შუმახერი აგრძელებს, რომელმაც არქიტექტურული ბიუროს ხელმძღვანელობა გადაიბარა და ზაჰას მიდგომებს  სრულად იზიარებს.

ამჟამად ბიურო ზაჰას 30-ზე მეტ დაუმთავრებელ პროექტს ახორციელებს. სულ ახლახან დასრულდა კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის შენობა ჩინეთის ქალაქ ჩანშაში. 2019 წელს გაიხსნა პეკინის საერთაშორისო აეროპორტი Daxing.

და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდებული პროექტებისა, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა