ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 77% შეადგენს - „გალთ ენდ თაგარტი“
2025 წელს ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი 77% შეადგენდა, - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაყიდვებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი დივერსიფიცირებულია. უფრო კონკრეტულად, ზღვისპირა ქალაქში უძრავი ქონების ტრანზაქციებში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების წილი ასე გამოყურება:
- საქართველოს მოქალაქეები - 23%;
- უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები - 20%;
- ისრაელის მოქალაქეები - 16%;
- თურქეთის მოქალაქეები - 9%;
- არაბული ქვეყნები - 7%;
- ცენტრალური აზია - 6%;
- სომხეთი და აზერბაიჯანი - 2%;
- შორეული აზია - 1%;
- სხვა - 4%.
„2025 წლის სექტემბერში, ჩვენ ჩავატარეთ სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 20 მშენებარე საცხოვრებელ პროექტს ბათუმში. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
2025 წლის 8 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ და 1,497-ს მიაღწია.
ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს. შედეგად, წლიური გაყიდვების ფარდობა გასაყიდი ბინების რაოდენობასთან 2021-23 წლების დონეზე დაბლა ნარჩუნდება.
ამასთანავე, 2025 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 77% შეადგინა, რაც ქვეყნების მიხედვით დივერსიფიცირებულია“, - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვაში.