თეგებით ძიება

თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე 14 მლნ ლარი დაიხარჯება - 2026 წლის ბიუჯეტი

2026 წელს თბილისში ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ ირკვევა თბილისის 2026 წლის ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის გამოყოფილი თანხები შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის გეგმით, ავარიული სახლების ჩანაცვლებაზე 24.5 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იყო გათვალისწინებული.

„პროგრამა ითვალისწინებს ძველი შენობების ახლით ჩანაცვლებას, რაშიც იგულისხმება საბჭოთა დროინდელი შენობების თანამედროვე კორპუსებით ეტაპობრივი ჩანაცვლება. პროგრამას დაექვემდებარება ის კორპუსები, რომლებსაც გასული აქვთ ექსპლუატაციის ვადა და მინიჭებული აქვს ავარიულობის ხარისხი.

პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსიდან დროებით იქნება გაყვანილი მოსახლეობა (ბინის ქირით უზრუნველყოფა) და ახალი კორპუსის მშენებლობის დამთავრების შემდეგ მათ იმავე ადგილას გადაეცემათ შესაბამისი ფართი გარემონტებულ მდგომარეობაში. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, ქონების მიმღებს ბიუჯეტიდან საჭიროების შემთხვევაში აუნაზღაურდებათ გადასაცემი უძრავი ქონების რემონტის ხარჯები.

დაიწყება ავარიული სახლების ჩანაცვლების ახალი პროგრამა ისტორიულ არეალებში, რომელიც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობით განხორციელდება“, - აღნიშნულია 2026 წლის დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა