თეგებით ძიება

“2025 წელი ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისთვის რეკორდული იყო, ტრანზაქციების ზრდის 70% უცხოელებზე მოდის”- Colliers

უძრავი ქონების ბაზარმა ზღვისპირა ქალაქში $1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა - ამის შესახებ RECOV.GE-ზე განახლებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. Colliers Georgia-ს შეფასებით, წლიური ზრდა 260.5 მლნ დოლარია. მათი მონაცემებით, ბათუმში წლის განმავლობაში 17,053 ტრანზქაცია აღირიცხა, რაც 2516-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გაზრდილია საშუალო შეწონილი ფასიც. რაც თბილისში 2025 წელს 1 კვ.მეტრზე 1167 დოლარს, 2024 წელს კი 1050 დოლარს შეადგენდა.

Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ლეო ჩიქავა BM.GE-სთან ამბობს, რომ ტრანზაქციების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი უცხოელი მომხმარებლების კიდევ უფრო გააქტიურება იყო. მისი თქმით, ადრე თუ მათი წილი ძირითადად ბინების პირველად ბაზარს ასტიმულირებდა, უცხოელებმა ბათუმში ბინების შეძენა მეორეულ ბაზარზეც დაიწყეს.

“2025 წელი ბათუმისთვის იყო რეკორდული. ტრანზაქციების რაოდენობა ჯამში გაიზარდა 17%-ით მაშინ, როცა 2023-2024 წლებში ფიქსირდებოდა შემცირებები. ეს არ არის მხოლოდ პირველად ბაზარზე დაგვიანებული რეგისტრაციების შედეგი, რადგან მეორად ბაზარზეც მსგავსი ტენდენციაა და მაჩვენებელი გაუმჯობესდა 2022 წლის შედეგებზეც, მაშინ როცა 2022-ში იყო რუსი მიგრანტების ეფექტი ძირითადად და ახლა ზოგადი ზრდა არის ბაზარზე.

გაზრდილი არის ფასებიც, ახალი პროექტების მეორად ბაზარზე ფასების ზრდა იყო 11.5% წინა წელთან შედარებით, მაშინ როცა 2024 წელს ზრდა მხოლოდ 5.7% იყო, ანუ უბრალოდ კი არ გაიზარდა, ზრდის ტემპიც გაიზარდა - გაორმაგდა პრაქტიკულად. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ამ მხრივ ზრდა არის ჯამში 34%.

პირველადი ბაზარი უკვე წლებია მეტწილად საერთაშორისო ბაზარზე იყიდება, თუმცა ბოლო წლების ტენდენციაა, რომ საერთაშორისო გაყიდვები გაზრდილია მეორად ბაზარზეც. თუ 2021 წელს უცხოელების წილი იყო ამ მხრივ 27%, 2025 წელს მათი წილი გაზრდილია 47%-მდე, ხოლო წლის ჭრილში ტრანზაქციების ზრდის 70% მოდის უცხოელებზე.

როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე სამი ქვეყნის მოქალაქეები რომ გამოვყოთ, ყველაზე აქტიური ვინც არიან, ესაა რუსეთის, უკრაინის და ისრაელის მოქალაქეები.

2024 წელს რუსეთის მოქალაქეების გაყიდვებში იყო შემცირება 2022-2023 წლებთან შედარებით. 2022-2023 წელს იყო მიგრაციის ეფექტი, რაც 2024-ში უფრო შენელდა და ამიტომ ჩავარდნა ჰქონდა რუსეთის წილს გაყიდვებში, რაც 2025-ში ცოტა ისევ აღდგა ამ მხრივ. უკრაინას და ისრაელს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში გაყიდვების წილი უფრო სტაბილურია, თუმცა 2021 წელთან შედარებით მათი წილი რამდენჯერმეა გაზრდილი,”- ამბობს Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ლეო ჩიქავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა